მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნახატი, რომლითაც მსოფლიომ პირველად გაიგო Star Wars-ის შესახებ, აუქციონზე რეკორდულ $3.9 მილიონად გაიყიდა

Star wars

ცნობილი მხატვრის და პოსტერის დიზაინერის, ტომ იუნგის მიერ ვარსკვლავური ომების სერიის პირველი ფილმისთვის 1977 წელს შექმნილი ნახატი აუქციონზე რეკორდულ $3.9 მილიონად გაიყიდა.

Heritage Auctions-ის მიერ დალასში გამართულ აუქციონზე ნახატი ლოტებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა და ამასთანავე დაამყარა ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ნივთის რეკორდი.

ნახატი ფილმის პირველი პოსტერისთვის შეიქმნა და პირველად ის გაზეთში დაიბეჭდა 1977 წლის 13 მაისს, ფილმის პრემიერამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე. ამის შემდეგ ის მრავალ ბილბორდზე, ჟურნალის გარეკანსა და კინოთეატრების აფიშებზე გამოჩნდა.

"Star Wars"-ის ანონსი გაზეთის გვერდზე

"ამერიკის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ ამ ნახატით შეიჭვრიტა ძალიან შორეულ გალაქტიკაში" - განაცხადა ჩარლზ ეფტინგმა, Heritage Auctions-ის პოპ-კულტურის მიმართულების დირექტორმა.

ნახატი "ვარსკვლავური ომების" რეჟისორის გერი კურცის საკუთრება იყო და მის ოფისში ეკიდა, მოგვიანებით კურცმა ის შვილს აჩუქა.

დართ ვეიდერის სინათლის მახვილი

დღემდე რეკორდის მფლობელი მიმდინარე წლის აგვისტოში გაყიდული დართ ვეიდერის სინათლის მახვილია, მისი საბოლოო ფასი აუქციონზე $3.6 მილიონი იყო.

"ვარსკვლავური ომები" კინო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზია, რომელიც ჯამში 11 ფილმს ითვლის. ფილმებმა მსოფლიოს მასშტაბით $10 მილიარდზე მეტი მოგება გამოიმუშავა და ეს რიცხვი მზარდია.

ჯორჯ ლუკასის მიერ დაარსებული Lucasfilm Ltd., რომლის საკუთრებაცაა "ვარსკვლავური ომები", Disney-ის კორპორაციამ 2021 წელს $4.05 მილიარდად იყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები