დღეს ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური მუშახელია, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
„2-3 წლის წინ გვქონდა პირიქით მდგომარეობა. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მაგალითად, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, ყველაზე მსხვილი სფეროები გამოიკვეთა - საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
ასევე მესამე მიმართულება, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ, სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსიაა დაფიქსირებული.
შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა და შემდეგი მდგომარეობა გამოიკვეთა, რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა და სწორედ აი ამ კვლევაზე დაყრდნობით და ბოლო თვეებში რაც აქტიურად ვიმუშავეთ, შევიმუშავეთ დღევანდელი კონცეფცია, რომელსაც ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ.
გამოიკვეთა, რომ შარშან, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა, ვაკანსიების ჯამურმა რაოდენობამ. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. იცით, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 3 წელიწადში, საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე და უმუშევრობა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს ისტორიულ მინიმუმზე.
„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 30% იყო, უმუშევრობა 27%-ზე მეტი იყო. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში.
ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით, აი ამ საჭიროებებზე და ამ გამოწვევაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, კიდევ მინდა გავიმეორო.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინირებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, რა თქმა უნდა, დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს“, - განაცხადა პრემიერმა.