გურიაში მდებარე საკალმახე მეურნეობამ „ვაკიჯვრის საკალმახე“ გასულ ზამთარს დიდთოვლობის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა - კომპანიას 20 ტონამდე თევზი დაეხოცა, რის გამოც გეგმა, რომ ნახევარფაბრიკატების წარმოება დაეწყოთ, გადაიდო.
როგორც მეურნეობის გაყიდვების მენეჯერი, ერეკლე ჩხარტიშვილი BM.GE-სთან ამბობს, ზარალის შედეგად, კომპანიამ სარეალიზაციო თევზის 1/4 დაკარგა.
„გასულ ზამთარს, დიდთოვლობის გამო 20 ტონამდე თევზი დაგვეხოცა, რომელიც უნდა გაზრდილიყო და იქნებოდა დაახლოებით 60 ტონა. თოვლმა აუზში წყალი შეიტანა, ტრაქტორებმა დროზე ვერ მოასწრეს თოვლის ამოღება, რის გამოც ბევრი თევზი დავკარგეთ. ეს ზაფხულის ტურისტულ სეზონზეც მნიშვნელოვნად აისახა. მაშინ, როცა ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩნდება, უკვე დეფიციტი გვქონდა.
წელიწადში საშუალოდ 200 ტონამდე თევზს ვყიდით, ასე რომ, ერთი მეოთხედი ჩვენი წლიური რეალიზაციისა დავკარგეთ. ზარალის ნაწილის დაფარვა, ფასების ზრდით შევძელით“, - დასძინა მან.
ერეკლე ჩხარტიშვილის თქმით, სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ, თუმცა მცირე სესხი ჰქონდათ, რომელიც საბოლოოდ უფრო ძვირი დაუჯდათ, ვიდრე დაგეგმილი იყო.
„დაბალპროცენტიანი სესხი გვქონდა, მაგრამ დოლარზე მიბმის გამო გადასახდელი გაიზარდა. მთავარია, ხელი არ შეგვიშალონ, შარშან საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა, წელს ცოტა დალაგდა სიტუაცია“, - ამბობს მენეჯერი.
ამ ეტაპზე, მეურნეობა ხიზილალის წარმოებაზე აკეთებს აქცენტს და თევზის მცირე ზომის ახალ პარტიას შემოდგომისთვის ამზადებს : „სახიზილალე თევზი და ლიფსიტები გვყავს, რომლებიც იზრდება და იმედია, შემოდგომაზე სიტუაცია უკეთესი იქნება“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.




























