“კულას“ გენერალური დირექტორი ვანო გოგლიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მათი წარმოებული პროდუქციის 65% უკვე ექსპორტზე გადის, გასული წლის დასაწყისისთვის კი, ეს მაჩვენებელი 50% იყო.
გოგლიძის თქმით, 2023 წელს ექსპორტის 15%-ით ზრდასთან ერთად კომპანია 3 ახალ საექსპორტო ბაზარზეც გავიდა - საუდის არაბეთში, მოლდოვასა და კატარში.
,,გასულ წელს, 3 საექსპორტო ქვეყანა დავამატეთ და ახლა უკვე 30 ბაზარზე ვყიდით პროდუქციას. ჩვენი წარმოების 65% ექსპორტზე გადის, 2023 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 50% იყო. უკვე ძალიან ნაკლებად ვყიდით საქართველოში. თუმცა ცხადია, ადგილობრივ ბაზარსაც არ ვკარგავთ და ვცდილობთ, ჩვენი პოზიციები გვეკავოს. პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის სირთულე ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობაა, რაც ყველა მწარმოებლისთვის პრობლემაა და წლებია ამაზე ვსაუბრობთ. გარდა ამისა, ევროპიდან აშშ-დან ანგარიშსწორება დოლარსა და ევროში ხდება, რაც ცხადია, კომპანიის და ქვეყნისთვისაც უფრო მომგებიანია" - განაცხადა ვანო გოგლიძემ.
კითხვაზე, მოუწია თუ არა კომპანიას ფასების დაკორექტირება 2023 წელს, გოგლიძე ამბობს რომ პროდუქციის ღირებულება გაიზარდა, თუმცა მცირედით.
,,ჩვენს შემთხვევაში ფასები გაიზარდა მხოლოდ იმიტომ, რომ ნედლეულის ფასი გაიზარდა. ეს იყო საერთო ტენდენცია. როგორც ევროპაში, ისევე საქართველოში უამინდობამ მოსავლის სიმცირე გამოიწვია და ფასები გავზარდეთ, თუმცა მცირედით, 3-5%-ით. შემიძლია ვთქვა, რომ ფასის ზრდასთან ერთად, საექსპორტო მოცულობები და ადგილობრივ ბაზარზე გაყდული პროდუქციაც გაიზარდა" - ამბობს გოგოლიძე bm.ge-სთან.
ცნობისთვის, „კულა“ ბაზარზე 2009 წლიდან არის. ამჟამად კომპანიას აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. „კულა“ აწარმოებს 250 დასახელების საკონსერვო პროდუქციას, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა, მსოფლიოს 30 ქვეყანაში იყიდება.