მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაკლები ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში მონეტარული პოლიტიკის ნაკლებად გამკაცრება მოგვიწევს - არჩილ მესტვირიშვილი

60f01839c7e34
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.21 19:28
743
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება სებ-ს ინფლაციის მოლოდინების შეცვლის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  განაცხადა.

მისი განმარტებით, ინფლაციაზე გავლენას ბიუჯეტის დეფიციტი ახდენს, რომელიც გასულ წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე იყო.

„გვესმის, რომ პანდემიაა და ხარჯები გასაწევია. ბიუჯეტის დეფიციტი საქართველოშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში გაიზარდა, რაც თავისთავად ერთობლივ მოთხოვნაზე გავლენას ახდენს და იმ დროს, როდესაც ჩვენ საგარეო შემოდინებები შემცირებული გვაქვს და გასულ წელს შემოდინების სახით მხოლოდ ტურიზმიდან მშპ-ს 12% დავკარგეთ. ეს გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე და ინფლაციაზე. წელს არსებული პროგნოზით მოლოდინია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა თუ წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის მეტად შემცირება მოხდება, ეს ინფლაციის მოლოდინების შემცირებაში დაგვეხმარება.

რაც შეეხება თავად ინფლაციას, აქ 2 ფაქტორი უნდა აღვნიშნოთ - ერთი საგარეო ფაქტორია. საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად საქონელზე ფასების ისტორიული მაჩვენებლები, ასევე გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯები. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ინფლაციაზე გავლენას ახდენს. აქ ეროვნული ბანკის გავლენა შეზღუდულია და სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება. მაგალითად აშშ-ის ინფლაციის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელიც 1991 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. ეგზოგენური ფაქტორები ინფლაციაზე დროებით გავლენას ახდენს, ამიტომ დროებით გვექნება მაღალი ინფლაცია, რომელიც შემდეგ შემცირდება.

მეორე ფაქტორი არის ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც უფრო გრძელვადიანად მოქმედებს, რაზეც ერთი მხრივ ბიუჯეტის დეფიციტია და მეორე მხრივ ეკონომიკის დაკრედიტება, რომელზეც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთით გავლენას ახდენს. ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთი, რაც გვქონია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - 9.5%. მომავალში იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გადაწყვეტილებას მომდევნო მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე 4 აგვისტოს მივიღებთ. დღევანდელი პროგნოზით, გამკაცრებულ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნებთ და შემდეგ აქედან გამოსვლას ეტაპობრივად დავიწყებთ, თუმცა თუ მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, მზად ვართ, რომ კიდევ გავამკაცროთ, ამის მზაობა ჩვენ გვაქვს. რაც ნაკლები იქნება ბიუჯეტის დეფიციტი, ჩვენ უფრო ნაკლები გამკაცრება მოგვიწევს“, - განმარტა არჩილ მესტვირიშვილმა.


რა შენიშვნები აქვს სებ-ს ბიუჯეტის კორექტირებაზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები