მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3%-ზე ნაკლები იქნება

6423f41d860e9
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.23 12:18
611
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2023 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ინფლაცია სავარაუდოდ 3%-ზე დაბალი იქნება - ამას სები ინფლაციური მოლოდინების შემცირებას უკავშირებს.

ამ პროგნოზის მიუხედავად, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ჩქარობს - მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მთლიანად ინფლაციის დონე თებერვალში 8.1%-მდე შემცირდა, კვლავ მაღალი რჩება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რაც 13.8%-ს შეადგენს.

"მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება. საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს. გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს. მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, საბაზო, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაცია, კვლავ მაღალია. მთლიანი ინფლაციის შემცირებას კი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებისა და გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდა შენელდა. ეს, თავის მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებასა და, შესაბამისად, ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შენარჩუნებას დამატებით უწყობს ხელს.

ზემოაღნიშნულის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინებიც იკლებს. არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული პოზიტიური ფაქტორებისა, არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკებიდან საყურადღებოა შრომის ბაზრიდან მომდინარე შესაძლო წნეხი. კერძოდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩება ხელფასების ზრდის ტემპს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასები წლიურად 21.2 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როდესაც პროდუქტიულობამ მხოლოდ 6.8 პროცენტით მოიმატა. ეს ტენდენცია აისახება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ფასებზე, რომელთა ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 13.8 პროცენტს შეადგენს,"- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები