მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი გეგმაა, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შევამციროთ - თურნავა

ნათია თურნავა სებ-ის ფონზე

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით, 10.25%-მდე შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, უცვლელია სებ-ის გეგმა იმის თაობაზე, რომ 2023 წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე შემცირდეს.

ნათია თურნავას განმარტებით, სებ-ი წლის ბოლომდე დარჩენილ სხდომებზე განაკვეთის კლების შესახებ გადაწყვეტილებებს მცირე ბიჯებით მიიღებს.

“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება მცირე ბიჯებით. წლის ბოლომდე ჩვენი გეგმა, რომ ერთი პროცენტით მაინც შევამციროთ განაკვეთი და ის 9.5%-ს გაუტოლდეს უცვლელი რჩება. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით ტენდენციებს. განსაკუთრებით საყურადღებოა გარე ფაქტორები, მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ამით არის განპირობებული ჩვენი ტაქტიკა, თუმცა სტრატეგიულად ჩვენი მოლოდინები იგივეა,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის გამო, 11%-მდე 2022 წელს გაზარდა, წელს მაისში ის ჯერ 0.5 პროცენტული პუნქტით, დღეს კი დამატებით 0.25%-ით შემცირდა.

"ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასებს კლებადი ტენდენცია აქვს. საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ინფლაციის კლებას, ასევე, ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის  8.5 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა,"- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში. 

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთის შესახებ შემდგომ გადაწყვეტილებას 13 სექტემბერს მიიღებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები