საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით იმის მიუხედავად რომ ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი ნიშნულის ქვემოთ ნარჩუნდება, სებ-მა განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. მიღებულ გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა ისიც, რომ თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება, რეფინანსირების განაკვეთი ფრთხილი ნაბიჯებით შემცირდება. თუმცა, თუკი ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები საპირისპირო მიმართულებით მოახდენენ გავლენას, მაშინ ეროვნული ბანკი განაკვეთს გახანგრძლივებულად შეინარჩუნებს არსებულ დონეზე და მის დამატებით ზრდასაც არ გამორიცხავს.
"გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლებელია, ინფლაციური წნეხი წარმოქნას, კვლავ მაღალია. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა და, ასევე, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის. გარდა ამისა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საგარეო ფაქტორების მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია. აღნიშნულს გაზრდილი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს.
აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 11 სექტემბერს ჩატარდება.
ეროვნული ბანკის საბაზისო პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 7.8%-ის ფარგლებში არის ნავარაუდევი, რაც მოხდება იმ შემთხვევაში თუკი სებ-ი წლის ბოლომდე განაკვეთს დამატებით 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.