ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია და მისი დონე პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ინფლაციის გავლენა ვრცელდება ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე, რომელიც მის მიმართ მაღალ ინტერესს განაპირობებს.
საკითხისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ბლოგში ვისაუბრებთ ინფლაციის მნიშვნელობის, ტიპების, გამომწვევი მიზეზებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
რა არის ინფლაცია?
ინფლაცია ეკონომიკური ტერმინია, რომელიც დროთა განმავლობაში საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის მუდმივ ზრდას აღწერს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ინფლაცია ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირებას ნიშნავს - დროთა განმავლობაში ერთი და იგივე რაოდენობის თანხით სულ უფრო ნაკლები პროდუქტისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი.
ინფლაციის დროს ფასები ეკონომიკის ყველა სექტორში იზრდება, დაწყებული საკვები პროდუქტებით, დამთავრებული მომსახურებითა და უძრავი ქონებით. ეს ზრდა ეტაპობრივია და გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ფასების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი იყოს.
ხშირად ტერმინი ინფლაცია ფართოდ გავრცელებულ მეორე ტერმინში "დეფლაცია" ერევათ. სინამდვილეში კი ეს ორი ეკონომიკური ცნება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუკი ინფლაცია არის პროცესი, როდესაც ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება, დეფლაციის შემთხვევაში, პირიქით, ამ პერიოდში ფულის მსყიდველობითი უნარი იზრდება - ერთი და იგივე რაოდენობის ფულით მეტი საქონლისა და მომსახურების შეძენა ხდება შესაძლებელი. დეფლაცია ხშირად მოთხოვნის შემცირების ან წარმოების გადაჭარბებული მოცულობის შედეგია.
ინფლაციის ტიპები
ინფლაცია ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება. არსებობს ინფლაციის რამდენიმე ძირითადი ტიპი, რომლებიც გამომწვევი მიზეზებით, მახასიათებლებითა და შედეგებით განსხვავდება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია
მაშინ, როდესაც საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატება, საქმე მოთხოვნით გამოწვეულ ინფლაციასთან გვაქვს.
მოთხოვნის ზრდა შესაძლოა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით:
- როგორიცაა მოსახლეობის შემოსავლების ზრდა;
- ეკონომიკის სწრაფი ზრდა;
- დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რადგან კრედიტებზე ხელმისაწვდომობა იზრდება და მეტი თანხის მოხმარებაა შესაძლებელი;
- ბიუჯეტის დეფიციტი - როცა სახელმწიფო ხარჯავს უფრო მეტს, ვიდრე იღებს გადასახადებით, ეს ზრდის მთლიან მოთხოვნას ეკონომიკაში.
- ისეთი ექსტრემალური ვითარებები, როგორებიცაა ომი, პანდემია, სტიქიური უბედურებები, ეკონომიკური კრიზისები.
ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია
ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია ხდება მაშინ, როდესაც კომპანიის წარმოების ხარჯები იზრდება და ეს ზრდა საბოლოო პროდუქციის ფასებში აისახება. ხარჯების ზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს ნედლეულის ფასების მატებას, ხელფასების ზრდას, გაზრდილ გადასახადებს ან სავალუტო კურსის ცვლილებას. როდესაც ფირმები ცდილობენ გადაიტანონ გაზრდილი ხარჯები მომხმარებლებზე, შედეგად ვიღებთ ფასების საერთო დონის ზრდას ანუ ინფლაციას.
ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია
ინფლაციის ეს ტიპი გვხვდება მაშინ, როდესაც ბაზარზე მონოპოლისტური ან ოლიგოპოლისტური სტრუქტურებია გაბატონებული. ასეთ დროს კომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება და შესაძლებლობა, მოგების გაზრდის მიზნით, თვითნებურად გაზარდონ ფასები. ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია განსაკუთრებით დამახასიათებელია არასაკმარისად კონკურენტული ბაზრებისთვის.
სექტორული ინფლაცია
სექტორული ინფლაცია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ფასების ზრდა შეინიშნება ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში, მაგრამ ისინი გავლენას სხვა დარგებზეც ახდენს. მაგალითად, სამშენებლო მასალების ღირებულების ზრდა უძრავი ქონების ფასზე აისახება.
აღსანიშნავია, რომ სექტორული ინფლაცია, გარკვეული მასშტაბის მიღწევის შემთხვევაში, შეიძლება გადაიზარდოს ზოგად ინფლაციაში.
როგორ ზომავენ ინფლაციას?
ინფლაციის გაზომვა ხდება სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლის საშუალებით, რომლებიც აფასებენ საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილებას დროთა განმავლობაში.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელია ინფლაციის შეფასებისას. ის ზომავს ტიპური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების საშუალო ფასების ცვლილებას. CPI-ის "სამომხმარებლო კალათა" მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და სხვა.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI) ზომავს ინფლაციას წარმოების დონეზე. ის აფასებს იმ ფასების ცვლილებას, რასაც მწარმოებლები იხდიან ნედლეულისა და მასალების შესაძენად. PPI შემდგომში გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზე, რადგან მწარმოებლები ცდილობენ თავიანთი გაზრდილი ხარჯები გადაიტანონ საბოლოო პროდუქციის ფასებში.
ბირთვული ინფლაციის მაჩვენებელი მიიღება CPI-დან ან სხვა ინდექსიდან ცვალებადი ფასების მქონე ისეთი კომპონენტების ამოღებით, როგორიცაა ენერგია და საკვები. ის საშუალებას აძლევს ანალიტიკოსებს, ინფლაციის შეფასებისას გამორიცხონ დროებითი და სეზონური ფაქტორები.
როგორ მართავს ინფლაციას საქართველოს ეროვნული ბანკი?
საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციას მართავს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით. მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზანია ფასების სტაბილურობისა და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან (3%) ახლოს შენარჩუნება.
ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის მართვისათვის იყენებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის სარგებლის განაკვეთი, თუ რამდენ პროცენტში აიღებენ კომერციული ბანკები რეფინანსირების სესხებს ეროვნული ბანკისგან. ამ განაკვეთის ცვლილება პირდაპირ აისახება საბაზრო განაკვეთებზე. თუ ინფლაცია სამიზნე დონეზე მაღალია, ცენტრალური ბანკი ზრდის განაკვეთს, რათა გააძვიროს კრედიტები, შეამციროს მოთხოვნა და ჩაახშოს ინფლაციური წნეხი.
ღია ბაზრის ოპერაციების ფარგლებში ეროვნული ბანკი ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას ფინანსურ ბაზრებზე. სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა ზრდის ფულის მიწოდებას და ამცირებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს, ხოლო გაყიდვა საპირისპირო ეფექტს იძლევა. ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს ბანკს დააბალანსოს ფულადი მასის ზრდა ეკონომიკის საჭიროებების შესაბამისად.
ცენტრალური ბანკი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების სისტემასაც იყენებს. იგულისხმება, რომ ცენტრალური ბანკი ადგენს სარეზერვო ნორმას, რომლის შენარჩუნებაც სავალდებულოა კომერციული ბანკებისთვის. ეს გავლენას ახდენს საკრედიტო რესურსების მიწოდებაზე.
ვერბალური ინტერვენციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ცენტრალური ბანკის კომუნიკაციას გულისხმობს. ეკონომიკური პროგნოზები, პოლიტიკის განმარტებები და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთა გამოსვლები საზოგადოების მოლოდინების მართვის შესაძლებლობებია. მოლოდინები ფასების ფორმირების მნიშვნელოვანი ფაქტორია და შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ინფლაციაზე.
დაბოლოს, მართალია, ზომიერი ინფლაცია ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი შეიძლება იყოს, მაგრამ მისი მაღალი დონე სერიოზულ პრობლემებს ქმნის როგორც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის, ისე ეკონომიკის სტაბილურობის თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია ინფლაციური პროცესების მუდმივი მონიტორინგი და მათზე დროული რეაგირება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ეფექტური ინსტრუმენტებით. ეს საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ფასების სტაბილურობა და გრძელვადიან პერსპექტივაში განვავითაროთ მდგრადი, ბალანსირებული ეკონომიკა.
იმისათვის, რომ გაეცნოთ აქტუალურ საკითხებს, მიიღოთ ინფორმაცია და გაიგოთ ახალი ამბები საქართველოში, თვალი ადევნეთ BM.ge-ს პლატფორმებს.