ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, სებ-ი 2025 წელს 3.8%-იან ინფლაციას მოელის - ამის შესახებ ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტირებისას განაცხადა. სებ-ი ანგარიშში მიუთითებს, რომ წელს ინფლაცია სავარაუდოდ, სამიზნე მაჩვენებელზე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება, ხოლო შემდგომში კი სამიზნე 3%-მდე შემცირდება.
როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში სებ-ი მიმოიხილავს იმ ფაქტორებს, რომლებიც ინფლაციაზე ზრდის და კლების მიმართულებით ახდენენ გავლენას. არსებული მდგომარეობით საწვავის ფასები ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებენ, ხოლო გლობალურად სურსათის მზარდი ფასები ინფლაციურ წნეხს ქმნიან. ასევე, აშშ დოლარის სიმყარე შემცირდა, რაც ინფლაციაზე დაწოლას ამსუბუქებს.
“ინფლაცია მიზნობრივი, 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო ნარჩუნდება, რასაც კვლავ უწყობს ხელს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა.
მიმდინარე წელს ინფლაციის დინამიკას, ერთი მხრივ, საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდის ტენდენცია განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო ნავთობის ფასების კლებას დისინფლაციური ეფექტი აქვს.
საქართველოში ფასების სტაბილურობის პირობებში კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. ამ ფაქტორმა ძლიერი მოთხოვნიდან გამომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად გაანეიტრალა, თუმცა ერთობლივი მოთხოვნა კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება.
სებ-მა განახლებული ცენტრალური სცენარით რეალური მშპ-ს ზრდა 2025 წელს 5%-დან 6.7%-მდე გაზარდა. გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზრებზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით, ცენტრალური პროგნოზით, 2025 წელს, ინფლაცია საშუალოდ 3.8% იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება.
თუმცა, გლობალურად არსებული მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ინფლაციური რისკები როგორც ზრდის, ასევე კლების მიმართულებით გამოიკვეთა,”- აღნიშნავს ნათია თურნავა.