მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-მა ხაზი გაუსვა ჩვენი ეკონომიკის მედეგობას და ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოს - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აღნიშნავს რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გუშინ გამოქვეყნებული შეფასებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეკონომიკის მედეგობას და ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოს. ამასთან, თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი, რაც მიმდინარე წლისთვის 7.2%-ს შეადგენს ასახავს მოლოდინს, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოხდება.

22 ივლისს IMF-მა გამოაქვეყნა IV თავის კონსულტაციების შემაჯამებელი დოკუმენტი, სადაც პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად ხაზგასმულია ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ქვეყანაში გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობა და საერთაშორისო სანქციების მომატებული რისკები, რასაც დაწესების შემთხვევაში საქართველოს როგორც FDI-ზე, ასევე ტურიზმზე შეუძლია ნეგატიური გავლენის მოხდენა, ეს კი თავის მხრივ ლარის კურსზეც უარყოფითად შეიძლება აისახოს. ამასთან, სავალუტო ფონდი ხელისუფლებას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისკენაც მოუწოდებს. ფონდის მიერ დადებითად არის შეფასებული სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, ასევე აღნიშნულია რომ ინფლაცია მეტწილად სებ-ის სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში შენარჩუნდება.

"IMF-ი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ჩვენი ეკონომიკის მედეგობას და ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ გააუმჯობესა ფონდმა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და 7.2% არის განახლებული პროგნოზი და ამ თვალსაზრისით ფონდი ხედავს მაღალი ზრდის შენარჩუნების კარგ პერსპექტივებს. ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციასთან დაკავშირებით პროგნოზი რომ ინფლაცია კვლავაც შენარჩუნდება მიზნობრივ 3%-თან ახლოს. ეს ემთხვევა ჩვენს ხედვასაც. დადებითად არის შეფასებული ჩვენი მონეტარული პოლიტიკა, ფონდი ამბობს რომ ის შეესატყვისება არსებულ მოცემულობას და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ეს ჩვენთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა. მნიშვნელოვანია ხაგზასმა იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო რეზერვების დაგროვება კვლავაც ნარჩუნდება პრიორიტეტულად და ამ თვალსაზრისით ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს, რომ გაზარდოს რეზერვების მოცულობა. აქ ჩვენი ხედვა ემთხვევა და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სულ უფრო მეტი რეზერვი გვქონდეს. მთლიანობაში საკმაოდ ობიექტური, ადეკვატური და პოზიტიური შეფასებაა,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

"ადგილობრივად გაზრდილ პოლიტიკურ გაურკვევლობას და პოტენციურ სანქციებს FDI-ის შემცირებაზე, ასევე ტურიზმზე შეუძლია გავლენის მოხდენა, რაც თავის მხრივ ლარზე მოახდენს ზეწოლას. თუმცა, საქართველოს ფისკალურმა და ფინანსურმა ბუფერებმა ამ ნეგატიური ეფექტების შერბილებაზე მოახდინოს გავლენა.

ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, შეივსო საბჭოს ვაკანტური პოზიციები და დაინიშნა სებ-ის პრეზიდენტი. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჯერ კიდევ არაა მიღებული. რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, შეზღუდოს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა დააზუსტოს სებ-ის პრეზიდენტის შემცვლელის (მოვალეობის შემსრულებლის) დანიშვნის წესი და გააუმჯობესოს საბჭოს წევრების კვალიფიკაციის მოთხოვნები. ასევე, სებ-ის საბჭოს მხრიდან მმართველობის კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღების მოდელის დანერგვა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სებ-ის მმართველობის ხარისხს", - ნათქვამია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები