მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაკლოვანებები ნებართვების მართვასა და გაცემაში - რა გამოავლინა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს აუდიტმა?

ტრაილერი სატვირთო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც 2022-2023 წლებს მოიცავს. აუდიტის მიგნებებში არაერთ ნაკლოვანებაზეა საუბარი, რომლებიც ეხება, როგორც საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და სატვირთო გადაზიდვის, ასევე საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო ნებართვების გაცემას.

აუდიტი ნებართვების მართვისა და გაცემის პოლიტიკის ხარვეზებზეც მიუთითებს.

მრავალჯერადი ნებართვების გასაცემად გამართული კონკურსი

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების ნაკლოვანებები - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო-სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გასაცემად სააგენტოში ჩასატარებელი კონკურსის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია, ნებართვის მაძიებლებს არ აფასებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაცვით, ვინაიდან არ იყენებდა შეფასების კრიტერიუმებსა და ქულებს. ამავდროულად, იმის გამო, რომ განაცხადებში არ იყო მითითებული მოთხოვნილი ნებართვების რაოდენობა, არსებობდა რისკი, რომ ყველაზე მაღალი კრიტერიუმების ჯამის მქონე გადამზიდს ვერ მიეღო სასურველი რაოდენობის ნებართვა.

კონკურსებში ხარვეზიანი დოკუმენტაციის მქონე კომპანიების გამარჯვებულებად გამოვლენა - მრავალჯერადი ნებართვების გასაცემად გამართულ კონკურსებში ნებართვების მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადები სააგენტოში სრულყოფილად არ არის დოკუმენტირებული/შენახული. სააგენტოს მიერ არ არის წარმოდგენილი აუდიტის ჯგუფისთვის განაცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი. კერძოდ, 776 განაცხადიდან 136 განაცხადი აუდიტის ჯგუფისთვის არ იყო წარდგენილი, ხოლო შესწავლილი 410 განაცხადიდან, 119 შემთხვევაში გაიმარჯვეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებსაც სააგენტოში სრულყოფილად არ ჰქონდათ წარდგენილი კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შესაბამისად, სააგენტოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალჯერადი ნებართვების მაძიებელთა მიერ წარდგენილი სავალდებულო დოკუმენტაციის სისტემატიზებას/შენახვას. ასევე, სააგენტოში არ არის დანერგილი კონტროლის პრევენციული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შემოწმებულიყო ნებართვების მაძიებელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულე.

მრავალჯერადი ნებართების გაცემა კონკურსებში გამარჯვების გარეშე - საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ნებართები აიღეს ისეთმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც არ გაუმარჯვიათ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. შესაბამისად, სააგენტოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალჯერადი ნებართვების გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებული იქნებოდა ნებართვის მაძიებლის გამარჯვება სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

ნაკლოვანებები საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით

ხარვეზიანი დოკუმენტაციის მქონე კომპანიებზე ნებართვების გაცემა - საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო არარეგულარული ნებართვის მისაღებად, კომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი სპეციალური ECMT ფორმით შევსებული საკონტროლო დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, სააგენტოს მიერ გაცემულია ნებართვები. სააგენტოში არ არსებობს კონტროლის პრევენციული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შემოწმებულიყო საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო არარეგულარული ნებართვების მაძიებელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულე და სიზუსტე.

ECMT ნებართვების გაცემის მდგომარეობა

ECMT კონკურსებში ხარვეზიანი დოკუმენტაციის მქონე კომპანიების გამარჯვებულებად გამოვლენა - კომისიის სხდომის ოქმებში არ დოკუმენტირდებოდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ECMT ნებართვების მისაღებად ჩატარებულ კონკურსებში ნებართვები მიიღეს კომპანიებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, როგორებიცაა: სატვირთო ავტომობილის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისიანობის ECMT სერტიფიკატები, მენეჯერისა და მძღოლების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობები და მათი არსებობა დასტურდებოდა სააგენტოს სამსახურების მიერ წინა პერიოდის კონკურსების დანართებსა და ელექტრონულ ბაზებში მოძიების შედეგად. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტები ნებართვის მაძიებლებს ეთვლებოდათ წარმოდგენილად, რაც არ არის დოკუმენტირების საუკეთესო პრაქტიკა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კომისია დასაშვებად ცნობდა კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებს, რომლებიც საბუთების ჩაბარების თარიღისთვის არ იყო განახლებული. შესაბამისად, სააგენტო არ ფლობდა უახლეს ინფორმაციას ნებართვის მაძიებლის უფლებამოსილი პირების შესახებ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ნებართვების მაძიებლებმა სააგენტოში წარადგინეს არავალიდური სანოტარო აქტები. სააგენტოში არ არის დანერგილი სრულყოფილი პრევენციული კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი სანოტარო აქტების ნამდვილობის გადამოწმებას.

ნებართვების მართვისა და გაცემის პოლიტიკა

ნებართვების გაცემის პროცესის საჯაროობა - სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების და სახეობების მიხედვით არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. აღნიშნულის გამო, შესაძლოა ნებართვის მაძიებლები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში და დროულად ვერ მიიღონ სასურველი რაოდენობის ნებართვები. ამასთანავე, ხელმისაწვდომი ნებართვების შესახებ დეტალური ინფორმაციის არქონა შეიძლება ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდეს გადამზიდი კომპანიებისთვის, დაგეგმონ საკუთარი ეკონომიკური აქტივობა.

დამატებითი ბარიერების შემოღება მესამე ქვეყნების ნებართვების გაცემის პროცესში - მესამე ქვეყნების ნებართვების გაცემის პროცესთან დაკავშირებით, სააგენტომ დაინტერესებულ პირებს დაუწესა ბარიერები, რითაც კომპანიებისთვის შეიზღუდა ნებართვების ხელმისაწვდომობა. სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნებართვის მაძიებლები ვალდებულნი არიან გაწევრიანდნენ ასოციაციებში, რათა შეძლონ სასურველი ნებართვის მისაღებად სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენა. გარდა ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვებისა, კომპანიებს დამატებით წარმოეშვათ ფინანსური ვალდებულებები ასოციაციის საწევრო გადასახადის სახით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მიიღო რწმუნება სააგენტოს მიერ კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბარიერების დაწესების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები