საქართველოს მთავრობა მსხვილი ენერგოპროექტების მშენებლობას სახელმწიფოს თანამონაწილეობით განიხილავს. 2022 წელს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ნამახვანი", "ნენსკრა" და "ხუდონი" მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს, რომ ეს პროექტები სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების.
ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით პროცესები არ გააქტიურებულა, თუმცა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ მსხვილ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა უალტერნატივოა, რადგან ეს ჰესებთან მიმართებით არსებულ პრობლემებს აღმოფხვრის და პროცესებს გაამარტივებს.
“მსხვილი პროექტების განხორციელებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა უალტერნატივოა, ვინაიდან ასეთი ტიპის ობიექტები არიან სტრატეგიული ობიექტები. არის მარეგულირებელი სადგურები, სადაც შესაძლებელია წყალი დაგროვდეს და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ენერგიის გამომუშავება. რა თქმა უნდა, ასევე სოციალური თვალსაზრისით და დიალოგის კუთხითაც სახელმწიფოს ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ასეთ დროს მოსახლეობის წინაშე დგას არა ინვესტორი, რომელსაც მთავარი ორიენტირი მოგების მიღება აქვს, არამედ სახელმწიფო დგას, რომელსაც არ აწყობს მოსახლეობის პროტესტი და აწყობს პროექტი წყნარად და მშვიდად გაკეთდეს პროექტი, დასაქმდეს მოსახლეობა და სოციალურად უზრუნველყოფილი ადგილობრივი თემი ჰყავდეს. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს გადაწყვეტილება თუნდაც ნამახვანის პროექტის განხორციელების ჩართვასთან დაკავშირებით არის უალტერნატივო. მათ შორის მიწები, რომლებიც ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა სჭირდება კი არ გადაეცემა ინვესტორს, არამედ სახელმწიფოს დარჩება. ასეთ შემთხვევაში პროტესტის ტალღა დაბლა იწევს,” - აცხადებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.