მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო, ეს ჩვენი ყველას პრობლემა იყო - კალაძე

კახა კალაძე ჰესი

თბილისის მერი და ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ მსგავსი მსხვილი ენერგოპროექტების შეჩერება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. კალაძის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს აქვს რესურსი, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე რუსეთსა და აზერბაიჯანზე დამოკიდებული არ იყოს და პირიქით, ექსპორტიორი გახდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, რათა საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით დამოუკიდებელი იყოს. ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და მეამაყება, რომ გორში, ქარის ერთი ელექტროსადგურის და 23 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განვახორციელეთ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ხელის შეშლა, შეურაცხყოფა და ცილისწამება. ქვეყანას აქვს უდიდესი რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. ამის არგამოყენება დანაშაული იქნება. გვაქვს საშუალება, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით, არ ვიყოთ დამოკიდებული არც აზერბაიჯანზე, არც რუსეთზე. პირიქით, ვიყოთ თვითკმარი ქვეყანა და მეტიც, შეგვიძლია, ჩვენი რესურსების სწორად გამოყენებით, განვახორციელოთ ელექტროენერგიის ექსპორტი თუნდაც ევროპულ ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, დიდი პროექტების - „ხუდონჰესის“, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა აუცილებელია, რადგან ეს კეთდება ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერმა „ნამახვანჰესის“ გარშემო არსებულ პროტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებასთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო. თუმცა, მან ასევე მიანიშნა სხვა ინტერესებზეც პროტესტის მიღმა.

„ვფიქრობ, უფრო სწორი მიდგომა უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ უნდა აეხსნათ მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ეს ჩვენი, ყველას პრობლემა იყო. ამიტომ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს. ვიღაცას რაღაც პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. როდესაც ამ ტიპის, ამ მასშტაბის პროექტები ხორციელდება, არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება შეეწინააღმდეგონ სამუშაოებს, თუმცა ჩვენი ვალია, ავუხსნათ, უფრო მეტი ვისაუბროთ. ვიღაცას შეიძლება რაღაც სხვა ინტერესები ჰქონდა, ვიღაცას შეიძლება სხვა სახელმწიფო უხდიდა იმაში, რომ პროტესტი გამოეთქვა. ბევრი ფაქტორია, რაც ვნახეთ და პრობლემას წარმოადგენდა. მთავარი პრობლემაა ისაა, რომ პროექტი ვერ განხორციელდა, რაც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია. მომავალში აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, - განმარტა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად „დიდი ზეწოლისა და ცილისწამებისა“, მაშინ 23 ჰესისა და გორის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა განხორციელდა.

შეგახსენებთ, საქართველომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია ENKA-სთან საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო. განაჩენი საქართველოს მიერ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა. ამასთან, ამ თანხას ემატება პროცენტიც (SOFR+4%) იქამდე, სანამ საქართველო განაჩენს სრულად არ აღასრულებს. ამ დროისთვის პროცენტთან ერთად კომპენსაციის მოცულობა 450 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში კი, გასაჯაროვდა პარიზის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, ვიდრე საბოლოოდ არ დასრულდება საქართველოს მთავრობის მიერ თურქულ კომპანია ENKA-ს წინაშე წაგებულ საარბიტრაჟო საქმეზე განხილვა და არ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, არ მოხდება ENKA-ს სასარგებლოდ ICC-ის არბიტრაჟის განაჩენის შესაბამისად, დაკისრებული კომპენსაციის და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივი აღსრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები