მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანის, ნენსკრას და ხუდონის მიმართულებით ინტენსიური მუშაობაა საჭირო - კობახიძე

პრემიერ-მინისტრი

ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნამახვანჰესის, ნენსკრასა და ხუდონჰესის ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიზნით ინტენსიური მუშაობაა საჭირო. BMG-ის კითხვაზე პასუხისას კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია 2030 წლამდე ქვეყნის შიდა დადგმული სიმძლავრე 10,000 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს, რისთვისაც აუცილებელია როგორც დიდი ზომის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ასევე მცირე ჰესების, ქარის და მზის ელექტროსადგურების აშენებაც.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ მსხვილი ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ “აგენტურა” იყო ჩართული.

“რაც შეეხება ენერგეტიკას, თქვენ გახსოვთ რომ მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში. არის რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, ასევე არამსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დაწყებულია ყველა მიმართულებით სამუშაოები, მათ შორის სამ მსხვილ პროექტზე არის ინტენსიური სამუშაოები, არის ძალიან დიდი რესურსი იგივე ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის მიმართულებით და ყველა მიმართულებით არის საჭირო ინტენსიური მუშაობა, ასევე მცირე და საშუალო ჰესების, ასევე მზის და ქარის სადგურების მშენებლობის მიმართულებით. აქ არის სერიოზუოლი მუშაობა საჭირო და გვინდა რომ 10,000 მეგავატს გადავაჭარბოთ უკვე 2030 წლისთვის ადგილობრივი დადგმული სიმძლავრით და ამ ენერგეტიკული პროექტების განხორციელების გარეშე ვერ იქნება ეს მიზანი მიღწეული. ამოცანაა რომ 2030 წლისთვის მოხმარებას გადააჭარბოს გენერაციამ, ეს სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,”- განაცხადა კობახიძემ.

არსებული მდგომარეობით, ნამახვანის, ხუდონჰესისა და ნენსკრაჰესის საინვესტიციო მოცულობა 800 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

ხუდონჰესის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, პროექტზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული.

2011 წელს ჰესის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკას” შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა და ინვესტორს ჰესის აშენებისთვის გარანტირებული სიმძლავრის ტარიფიც მიენიჭა, თუმცა “ტრანს ელექტრიკას” პროექტის ფაქტობრივი განხორციელება არ დაუწყია, ხოლო შემდგომში კი 2021 წელს მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება რომ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდებოდა.

2023 წელს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის პარამეტრები შეიცვალა, რაზეც გერმანულმა საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიამ იმუშავა და განახლებული პროექტის მხრიდან დასახლებულ თემზე გავლენა მნიშვნელოვნად უფრო მცირე იქნებოდა ვიდრე ამას თავდაპირველი პროექტი გამოიწვევდა. თუმცა მას შემდეგ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.

რაც შეეხება 280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრაჰესს, მისი მშენებლობა ნომინალურად 2014 წელს, მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პროექტის ინვესტორია კორეის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია K-water-ი რომელიც პროექტის 90%-ს ფლობს, 10%-ის მფლობელი კი საპარტნიორო ფონდი (ამჟამად საქართველოს განვითარების ფონდია).

ნენსკრაჰესის დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კრედიტით იგეგმებოდა, თუმცა ამ პროექტზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებების დამტკიცება საბოლოოდ არ მოხდა, რაც მისი გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ასევე პრობლემას წარმოადგენდა პროექტის წინააღმდეგ არსებული პროტესტიც.

რაც შეეხება 433-მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის კასკადს, ხუდონჰესისა და ნამახვანჰესისგან განსხვავებით, ინვესტორი, კომპანია ENKA Renewables-ი პროექტის განხორციელებით და აქტიური წინამოსამზადებელი სამუშაოებით იყო დაკავებული, თუმცა პროექტთან დაკავშირებით შექმნილი პროტესტის გათვალისწინებით 2021 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.

კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა, რომელშიც 2024 წლის დეკემბერში გაიმარჯვა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მთავრობის განცხადებით მათ ეს განაჩენი გაასაჩივრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები