ბრილიანტის გულსაბნევმა, რომელიც იმპერატორმა ნაპოლეონმა XIX საუკუნის დასაწყისში, უატერლოოს ბრძოლიდან გაქცევისას დაკარგა, ჟენევაში ჩატარებულ Sotheby-ის აუქციონზე 3,5 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად (დაახლოებით 4,4 მილიონი დოლარი) გაიყიდა.
გულსაბნევს 13 კარატიანი ოვალური ბრილიანტი ამშვენებს, რომელსაც გარშემო შედარებით მცირე ზომის ბრილიანტები აქვს შემოწყობილი. საბოლოო ღირებულებამ საგრძნობლად გადააჭარბა მოლოდინს, გულსაბნევის სავარაუდო ფასი მხოლოდ 200 000 აშშ დოლარი იყო.
Sotheby's-ის განცხადებით, სამკაული ნაპოლეონის პირად ნივთებს შორის აღმოაჩინეს ეტლში, რომლებიც, როდესაც ნაპოლეონი და მისი ჯარი პრუსიის არმიას გაურბოდნენ, ტალახიან გზებზე გაიჭედა და გზაზე მიატოვეს.

აუქციონზე გაყიდული ნაპოლეონის გულსაბნევი და აკვამარინის თვალი
ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს სამკაულები პრუსიის სამეფო ოჯახის, ჰოენცოლერნების მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენდა.
ამავე აუქციონზე გაყიდულ ათობით ლოტს შორის იყო ასევე 132-კარატიანი მწვანე აკვამარინი, რომელიც, ცნობის თანახმად, ნაპოლეონს 1804 წელს, კორონაციისაას ეკეთა. ძვირფასი ქვის საბოლოო ღირებულება 838,000 ფრანკია (1,05 მილიონი აშშ დოლარი) რაც 17-ჯერ აღემატება მის წინასწარ განსაზღვრულ სავარაუდო ფასს.
აუქციონის შედეგები ადასტურებს, რომ 19 ოქტომბერს ლუვრში მომხდარი ქურდობის ფონზე, რომლის შედეგადაც ნაპოლეონის და მისი ოჯახის სამკაულები მოიპარეს, საიმპერატორო ძვირფასეულობაზე ინტერესმა საერთაშორისო ბაზარზე მოიმატა.




























