თბილისში, მარჯანის ქუჩაზე მდებარე ნეაპოლიტანური პიცერია „ნაპოლი“ საქმიანობას აფართოებს - 25 ოქტომბრიდან სივრცეში ბარი გაიხსნა. ამის შესახებ პიცერიის დამფუძნებელმა, მამუკა კილაძემ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, გაფართოების შედეგად, პიცერია, რომელიც აქამდე დაახლოებით 20 სტუმარს მასპინძლობდა, ახლა 80-მდე ადამიანის მიღებას შეძლებს და მომხმარებელს გემრიელ კერძებთან ერთად, ახლა უკვე ალკოჰოლურ სასმელებსაც შესთავაზებს.
„"ნაპოლის" სივრცე გავზარდეთ - ადრე თუ მხოლოდ 22 ადამიანის დამატება შეგვეძლო, ახლა 80-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია. სივრცეში ბარიც დავამატეთ, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კოქტეილების, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნება“, - განმარტა კილაძემ და დასძინა, რომ მათი ძირითადი მომხმარებლები ქართველები არიან, მათ შორის ოჯახები.
მისივე ინფორმაციით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 100 000 – 150 000 ლარის ფარგლებშია და ობიექტი 40-მდე ადამიანს ასაქმებს.
ცნობისთვის, “ნაპოლის” პიცერია თბილისში ზუსტად სამი წლის წინ გაიხსნა. დამფუძნებელს ამ დრომდე ობიექტის გაფართოებასა და გაუმჯობესებაში დაახლოებით 230 000 დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.




























