“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვალტერ მაცარი გაათავისუფლა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა დანიშნა, რომელსაც დებიუტი 21 თებერვალს კატალონიური “ბარსელონას” წინააღმდეგ ექნება.
მიმდინარე სეზონში კალცონა გუნდის მესამე მწვრთნელი იქნება, რაც უკანასკნელად მსგავსი შემთხვევა “ნაპოლის” ისტორიაში 1997 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთ სეზონში ოთხი მწვრთნელი გამოიცვალეს და საბოლოოდ სერია ბ-ში გავარდნენ.
2023/24 წლების სეზონი გუნდში რუდი გარსიამ დაიწყო, მის შემდეგ სამუშაო 14 ნოემბერს ვალტერ მაცარიმ გადაიბარა, ხოლო 21 თებერვლიდან გუნდს უკვე ფრანჩესკო კალცონა გაუძღვება.
აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, ძალიან გაუჭირდა მაცარის გუნდიდან გათავისუფლება, ხოლო კალცონას აუცილებლად მისცემს დროს სიტუაციის გამოსასწორებლად:
“მაცარი ჩვენი ოჯახის წევრია და ყოველთვის რთულია მეგობრის თანამდებობიდან გათავისუფლება. ის გუნდში ძალიან მძიმე დროს მოვიდა და მას ამის გამო მადლობას ვუხდი. რაც შეეხება ფრანჩესკო კალცონას მას მხარს ვუჭერთ, რადგან წარსულში ჩვენთან უმუშავია და გუნდის 80%-ს იცნობს. მან ახალი ფეხბურთელები უნდა გაიცნოს და საქმეს ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” დაიწყებს” - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.
წარსულში ფრანჩესკო კალცონა კლუბში 2015-18 წლებში მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ასისტენტად მუშაობდა. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კალცონამ შესაძლოა “ნაპოლის” პარალელურად სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა განაგრძოს.
შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაცარიმ მიმდინარე სეზონში კლუბი 17 მატჩში გაწვრთნა, საიდანაც 6 მოიგო 8 წააგო და სამიც ფრედ დაასრულა. ამჟამად კლუბი იტალიის ჩემპიონატში 36 ქულით მეცხრე ადგილზეა და 21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, საშინაო მატჩში კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდება.