მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაქირავები ბინა ბერლინში და შემოსავალი საფრანგეთში გაქირავებული ბინიდან - გიორგი გახარიას დეკლარაცია

გიორგი გახარია

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია პარლამენტის ყოფილი წევრის სტატუსით შეავსო.დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პოლიტიკოსის ოჯახი ევროპაში საცხოვრებელ ფართებს როგორც ქირაობს, ისე თავად აქირავებს.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის თებერვლამდე გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საცხოვრებელი ბინა ჰქონდა დაქირავებული.

ამ მიმართულებით პოლიტიკოსის ხარჯები ასე გამოიყურება:

  • ყოველთვიური ქირა: 1 790 ევრო;
  • ჯამური გასავალი: ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გახარიამ ბინის იჯარაში საერთო ჯამში 11 464 ევრო გადაიხადა;

დეკლარაციაში მითითებულია 2 500 ევროს ოდენობის დეპოზიტი (რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება), ბინის ერთჯერადი დასუფთავების საფასური 309 ევრო და საკომისიო 45 ევრო.

იჯარის ხარჯების პარალელურად, გახარიას ოჯახს შემოსავალი საფრანგეთში მდებარე ბინის გაქირავებიდან აქვს. პოლიტიკოსის მეუღლე, მარიკა ფანცულაია, ფლობს 83 კვ.მ. ფართობის ბინას საფრანგეთში (Le Perreux-sur-Marne), რომელიც 2020 წელს 472 400 ევროდ არის შეძენილი.

აღნიშნული ბინა გაქირავებულია 2024 წლის აგვისტოდან 2026 წლის აგვისტომდე.

  • ყოველთვიური შემოსავალი: 2 000 ევრო;
  • წლიური მატერიალური შედეგი: 2025 წელს ამ ბინის გაქირავებიდან მარიკა ფანცულაიამ 24 000 ევრო მიიღო.

რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, გახარია ფლობს 2023 წელს შეძენილ მიწის ორ ნაკვეთს ჩხოროწყუში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხური: 3 385 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ასევე, სოფელ მუხურში კიდევ ერთი, 2 792 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. დოკუმენტში მითითებულია, რომ ორივე ნაკვეთი 2020 წელს ჯამში 85 000 ლარად, განვადებით არის შეძენილი, ხოლო თანხა სრულად 2023 წელს დაიფარა.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას სახელზე მოძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ორივე ავტომობილი, რომელთა ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, მის მეუღლეს ეკუთვნის:

  • Toyota RAV 4: შეძენილია 2016 წელს 22 000 აშშ დოლარად.
  • Toyota C-HR: 2019 წლის გამოშვების მოდელი, რომელიც მარიკა ფანცულაიამ 2021 წელს 22 000 ევროდ შეიძინა.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მარიკა ფანცულაიამ 2025 წელს „ავერსის ცენტრალურ კლინიკაში“ მუშაობისას შემოსავლის სახით 22 431 ლარი მიიღო. ოჯახის გასავალში მითითებულია შვილის, ანნა გახარიას სწავლის საფასურიც 14 363 ლარი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მარიკა ფანცულაიას ფრანგულ ბანკში Caisse d'epargne ანაბარზე 20 111 ევრო აქვს განთავსებული.

სხვა სახის მოძრავი ქონება, ძვირფასი ქაღალდები ან ნაღდი ფულადი თანხა (რომელიც 10 000 ლარს აღემატება), დეკლარაციაში მითითებული არ არის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები