მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების მართვა საქართველოში: რა სირთულეებს აწყდებიან კომპანიები ყოველდღიურად?

ნარჩენების მართვა საქართველოში: რა სირთულეებს აწყდებიან კომპანიები ყოველდღიურად?
13.07.26 17:11
139

საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მოთხოვნებზე დაფუძნებული საკანონმდებლო სისტემა აქტიურად ჩამოყალიბდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება,
ეტაპობრივად მოეყვანა ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში.

ასოცირების შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარემოსდაცვით საკითხებს, მათ შორის- ნარჩენების მართვას. სწორედ ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2015 წელს მიღებულ იქნა „ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელმაც ქვეყანაში ამ სფეროს განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა. კოდექსმა შექმნა თანამედროვე სამართლებრივი საფუძველი ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და საქართველო მნიშვნელოვნად დააახლოვა ევროპულ პრაქტიკასთან.

კოდექსის ამოქმედების შემდეგ დამტკიცდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული 20-მდე ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც დეტალურად არეგულირებს ნარჩენების წარმოქმნის, შეგროვების, ტრანსპორტირების, დროებითი შენახვის, აღდგენისა და განთავსების წესებს.

„ნარჩენების მართვის კოდექსმა“ ერთიან სამართლებრივ სივრცეში მოაქცია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც მანამდე სხვადასხვა ნორმატიული აქტით იყო მოწესრიგებული ან საერთოდ არ რეგულირდებოდა. ამასთანავე, კანონმა მკაფიოდ განსაზღვრა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტებისა და კერძო სექტორის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები. თითოეულ მხარეს, საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაეკისრა შესაბამისი ვალდებულებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ბიზნესსექტორს ეკისრება. კომპანიები ვალდებულნი არიან:

  • შეიმუშაონ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა;
  • განსაზღვრონ გარემოსდაცვითი მმართველი;
  • უზრუნველყონ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების განცალკევებული შეგროვება;
  • დანერგონ ნარჩენების უსაფრთხო დროებითი შენახვის სისტემა;
  • დაიცვან ნარჩენების მართვის იერარქია;
  • პრაქტიკაში უზრუნველყონ „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის განხორციელება.

„დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპი გულისხმობს, რომ ნარჩენის წარმომქმნელი- როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი- ვალდებულია საკუთარი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ხარჯი თავად გაიღოს.

ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და მისი შეთანხმება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

„ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი, ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი (120 კგ-ზე მეტი), ან ფიზიკური პირის შემთხვევაში- 1 000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში- 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა და განსაზღვროს კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველი.

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა, როგორც წესი, მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  • წარმოქმნილი ნარჩენების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას;
  • ნარჩენების სახეობების, რაოდენობისა და შემადგენლობის განსაზღვრას;
  • ნარჩენების პრევენციის, შემცირებისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვას;
  • სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვის ღონისძიებებს;
  • ნარჩენების სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფას;
  • დროებითი შენახვის პირობებისა და მეთოდების განსაზღვრას;
  • უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
  • ნარჩენების გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დამუშავების, აღდგენის ან განთავსების ღონისძიებების განსაზღვრას;
  • ნარჩენების რაოდენობის შემცირებისა და ხელახალი გამოყენების შესაძლებლობების შეფასებას;
  • პერსონალის პასუხისმგებლობების განსაზღვრას;
  • ნარჩენებთან უსაფრთხო მოპყრობის წესების შემუშავებას;
  • ნარჩენების აღრიცხვის სისტემის დანერგვას;
  • შიდა კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმების განსაზღვრას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში უკვე მოქმედებს თანამედროვე და ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოებული საკანონმდებლო ბაზა, პრაქტიკაში კვლავ არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება, რაც ეფექტიანი სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას აფერხებს.

ძირითადი გამოწვევებია:

  • საზოგადოების ცნობიერების არასაკმარისი დონე;
  • კონტროლისა და აღსრულების მექანიზმების არასაკმარისი ეფექტიანობა;
  • ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის არასრულყოფილი განვითარება;
  • გადამმუშავებელი საწარმოების სიმცირე;
  • სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ინფრასტრუქტურის შეზღუდული შესაძლებლობები;
  • კვალიფიციური გარემოსდაცვითი სპეციალისტების დეფიციტი;
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების არასაკმარისი რაოდენობა.

ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული თანამშრომლობა. სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა, აღსრულებისა და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების გაძლიერება, ხოლო ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება და თანამედროვე გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვა.

HSE Group ბიზნესსექტორსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობს პროფესიონალურ საკონსულტაციო მომსახურებას გარემოსდაცვითი მართვის მიმართულებით.

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებას;
  • გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას;
  • გარემოსდაცვითი მმართველის ფუნქციების ორგანიზებას;
  • ნარჩენების მართვის პრაქტიკული სისტემების დანერგვას;
  • ნარჩენების აღრიცხვისა და დოკუმენტაციის სისტემის შექმნას;
  • პერსონალის ტრენინგებს;
  • გარემოსდაცვითი რისკების შეფასებასა და მათი შემცირების ღონისძიებების შემუშავებას;
  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

ჩვენი სპეციალისტები თითოეული კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ამზადებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რაც ორგანიზაციებს ეხმარება სრულ შესაბამისობაში იყვნენ როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო გარემოსდაცვით მოთხოვნებთან.

ნარჩენების ეფექტიანი მართვა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულების შესრულება არ არის. თანამედროვე ბიზნესისთვის ის კორპორაციული პასუხისმგებლობის, მდგრადი განვითარების და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეფექტიანი სისტემის დანერგვა ამცირებს სამართლებრივი სანქციების რისკს, აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას, ზრდის პარტნიორების ნდობას და ორგანიზაციას დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები