მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარკოტრაფიკის აღკვეთის მიზნით, საბაჟო და შსს-ს ერთობლივ ცენტრს შექმნიან - კანონპროექტი

საბაჟო

"ოცნების" მთავრობა პარლამენტს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგინა, რომლის მიზანია ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ საბაჟო კონტროლის გამკაცრება და უწყებებს შორის კოორდინაციის ახალი მექანიზმების შექმნა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საბაჟო კოდექსში ცვლილებებს და ერთობლივი ცენტრის შექმნას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

დოკუმენტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები აუცილებელი გახდა როგორც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის მზარდი რისკების, ისე ავტომობილების იმპორტისა და რეექსპორტის სტატისტიკის ზრდის ფონზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად 50-70 ათასი ავტომობილით იზრდება, ხოლო ექსპორტისა და რეექსპორტის მოცულობები 2023-2025 წლებში ისტორიულ მაქსიმუმებს უახლოვდება.

კანონპროექტის მიხედვით, უკანასკნელ წლებში საბაჟო სივრცეში დაფიქსირდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების უკანონო გადაზიდვის არაერთი შემთხვევა. შსს-ს საგამოძიებო დაქვემდებარებაში ასევე ხვდება სხვა ტიპის დანაშაულები, რომელთა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით „კოორდინირებული და ეფექტიანი მოქმედებები“ კრიტიკულად მნიშვნელოვნად არის შეფასებული.

პროექტი ხაზს უსვამს, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად საჭიროა საბაჟო კონტროლის გაძლიერება, ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა და უწყებებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმები.

პროექტი ითვალისწინებს:

  • ერთობლივი ცენტრის შექმნას, რომლის ფუნქცია იქნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთაში უწყებების მუშაობის კოორდინაცია;
  • ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა საბაჟო პუნქტში საბაჟო კონტროლს ერთობლივად განახორციელებენ;
  • ცენტრისა და ჯგუფების საქმიანობის წესის განსაზღვრას შს მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, მოქმედი კანონმდებლობა არ ქმნის სამართლებრივ საფუძველს შსს-ს ჩართვისთვის საბაჟო კონტროლში. ამის გამო საჭიროა შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება საბაჟო კოდექსში.

პროექტის ავტორების თქმით, ახალ რეჟიმზე გადასვლა საშუალებას მისცემს სახელმწიფო უწყებებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოახდინონ სამართალდარღვევების პრევენცია.

მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განხილვას. არგუმენტი მიუთითებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში „დროულ საკანონმდებლო რეაგირებაზე“, რათა ერთობლივმა ცენტრმა და ჯგუფებმა საქმიანობა 2026 წლის 1 იანვრიდან შეძლონ.

სახელმწიფო უწყებების განმარტებით, ერთობლივი ცენტრი და სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტდება უკვე არსებულ ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებზე დაყრდნობით. შესაბამისად, არც სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება წარმოიქმნება, ხოლო ყველა ადმინისტრაციული დანახარჯი დაფინანსდება მოქმედი ასიგნებებიდან.

კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები