მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NASA-მ მთვარისკენ ადამიანები წარმატებით გაუშვა - Artemis II-ის ისტორიული მისია დაიწყო

Artemis II

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოსმოსური კვლევის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან ხომალდი Artemis II საქართველოს დროით შუაღამის 02:35-ზე გაეშვა და 2 წუთზე ნაკლებ დროში უკვე დედამიწის ორბიტამდე ავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები დედამიწის ქვედა ორბიტის მიღმა გავლენ. მისია, რომელიც ოთხი ასტრონავტისგან: რეიდ ვაისმენისგან, ვიქტორ გლოვერისგან, კრისტინა კოხისა და ჯერემი ჰანსენისაგან შედგება ჩვენი თანამგზავრის ირგვლივ 10-დღიან მოგზაურობას ითვალისწინებს და კაცობრიობის მთვარეზე დაბრუნების გეგმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ რაკეტის გაშვების პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ინჟინრებს რამდენიმე ტექნიკური გამოწვევის დაძლევა მოუწიათ. კერძოდ, სპეციალისტებმა ოპერატიულად აღმოფხვრეს ხარვეზები ხომალდ Orion-ის თერმული კონტროლის სისტემასა და ფრენის შეწყვეტის მექანიზმში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წყალბადის საწვავის დამუხტვის პროცესმა, რომელიც წარსულში გაჟონვის გამო მისიის შეფერხების მიზეზი გახდა, ამჯერად ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 32-სართულიანი კორპუსის სიმაღლის რაკეტის აფრენას კაპე-კანავერალზე ათიათასობით მაყურებელი ადევნებდა თვალს. პირდაპირ ეთერში კი სოციალურ პლატფორმებზე ათობით მილიონი ადამიანი აკვირდებოდა.

ცნობისთვის, ასტრონავტები პირველ ორ დღეს დედამიწის ზედა ორბიტაზე გაატარებენ, რათა ხომალდის სასიცოცხლო სისტემები და კომუნიკაციები შეამოწმონ. ამის შემდეგ ხომალდი ტრანსლუნარულ მანევრს განახორციელებს და მთვარისკენ აიღებს გეზს. ასტრონავტები ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ ნაწილს მოგზაურობის მე-6 დღეს მიაღწევენ. მე-10 დღეს კი, მისიის დასკვნით ეტაპზე Orion-ის კაფსულით წყნარ ოკეანეში დაეშვებიან.

ცნობისთვის, NASA-ში ამ პროექტს „ახალი თაობის აპოლოს“ უწოდებენ, რადგან დღეს დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაშინ არც კი იყო დაბადებული, როდესაც ადამიანმა მთვარეზე ბოლოს გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები