პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2027 წელს მთავრობა ნატახრატი-ჟინვალის საგზაო მონაკვეთის მშენებლობას დაიწყებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2031 წლისთვის უნდა დასრულდეს. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ნატახტარი-ჟინვალის გზა უნდა იყოს ოთხზოლიანი და 27 კილომეტრის სიგრძის.
"ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთი - დაიწყება მომავალ წელს მშენებლობა, დასრულდება 2031 წელს. ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. აქედან გუდაურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდება უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე. სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დაიწყება 2027 წელს და დასრულდება 2029 წელს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი დასრულდება 2027 წელს. მთლიანობაში, აქაც, 2031 წლამდე მთლიანად იქნება დასრულებული თბილისი-სტეფანწმინდის გზის მშენებლობა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროექტის თანახმად, გზის საერთო სიგრძეა 27 კილომეტრი, და ის გაივლის სოფლებს: წიწამურს, საგურამოს, ჭოპორტს, წითელსოფელს, არაგვისპირს, ბულაჩაურს, ქუბრიანთკარსა და ჟინვალს. პროექტი 16 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ყველაზე გრძელი 991 მეტრის ორი პარალელური ხიდი მდინარე არაგვზე გაივლის, ასევე მოეწყობა 415 მეტრის სიგრძის პანდუსი, ორი პარალელური 239-მეტრიანი ხიდი მდინარე თეზამზე, ორი პარალელური 271-მეტრიანი ხიდი მდინარე წირდალისხევზე, ორი პარალელური 139-მეტრიანი ხიდი მდინარე ახატნისხევზე, ასევე ორი პარალელური 106-მეტრიანი ხიდი მდინარე აბანოსხევზე. პროექტი ახალი გვირაბების მშენებლობას არ მოიცავს.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ახალ გზაზე მოძრაობა 120 კმ/სთ სიჩქარით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 27-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა 15-წუთში გახდება შესაძლებელი.
ალტერნატივები:
პირველი მონაკვეთი:

მეორე მონაკვეთი:





























