"Georgian Airways-ს აქვს პოტენციალი, რომ ეფექტური მენეჯმენტის პირობებში განვითარდეს", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ის განუცხადა.
მინისტრი Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას მიერ "საქმიან დილაში" გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კომპანია სერიოზული კრიზისის წინაშე დგას და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. გადაცემაში ბოკერიამ ისიც თქვა, რომ ეკონომიკის მინისტრისგან, „რაინეარის“ და „ვიზეარის“ მსგავსად, თანადაფინანსების თანხმობაც მიიღო.
„Georgian Airways არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე წლებია ბაზარზე ოპერირებს. ჩემი აზრით, მას აქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი, რომ განვითარდეს უფრო ეფექტური მენეჯმენტის პირობებში და უფრო ეფექტური მენეჯმენტის შემთხვევაში. ამ ეტაპზე, მისი სუბსიდირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს განიხილებოდა უშუალოდ მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთთან შეწყდა პირდაპირი ფრენები. მაშინ დაზარალდა არა მხოლოდ Georgian Airways-ი, არამედ მთლიანად ქართული ეკონომიკა და ტურიზმი.
იმ ეტაპზე ჩვენ ვიხილავდით სუბსიდირების თემას, თუმცა ახლა აღარ ვიხილავთ. იმასაც გეტყვით, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ სერიოზულად ვუდგავართ გვერდით ქართულ ავიაციას და მათ შორის Georgian Airways-ს. მაგალითად, Georgian Airways-ს წლების მანძილზე დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩვენი აეროპორტების გაერთიანების და საქაერო ნავიგაციის მიმართ და ჩვენ ამის გამო არ ვიყენებთ რაიმე სანქციებს. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კარგია, რომ Georgian Airways ახსენებს სხვა უცხოურ კომპანიებს - „რაინეარს“, „ვიზეარს“... ეს ჩვენთვის იმის ნიშანია და იმედს ვიტოვებთ, რომ თავისი სერვისების ხარისხითაც, საფასო პოლიტიკითაც Georgian Airways-ი მიუახლოვდება ოდესმე ამ კომპანიებს და კონკურენციაში შევა მათთან, რაშიც ჩვენ ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა თურნავამ.