მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა ბანკებიდან სებ-ში 850 მილიონის გადატანას განმარტავს

5e9048f98600e
შოთა ტყეშელაშვილი
10.04.20 15:14
1699
ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილს გაკეთებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ კომერციულ ბანკებში მის ანგარიშებზე არსებული თანხები ეროვნულ ბანკში გადაიტანა. ჯამურად 850 მილიონ ლარამდე მოცულობის დეპოზიტი ბანკებიდან სებ-ში გაედინა. BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ განხორციელდა ეს გადარიცხვა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ პროცესში "განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა". 

"განვმარტავ, რომ რაიმე განსაკუთრებული ამ ოპერაციაში არ ყოფილა. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, მთავრობას აქვს განთავსებული თავისი რესურსები ვადიან დეპოზიტებზე და როდესაც ეს ვადა ამოიწურება, ხდება მათი დაბრუნება კვლავ ეროვნულ ბანკში. აქ ამასთან გვაქვს საქმე, რაიმე განსაკუთრებული აქ არ მომხდარა და ეს ჩვეულებრივი რიგითი მიმდინარე პროცესია. ვადიან დეპოზიტს ამოეწურა ვადა და მოხდა თანხის რეალოკაცია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

თავად ეროვნული ბანკი კი 850 მილიონი ლარის გადატანას მთავრობის ანგარიშზე თანხის მობილიზებით განმარტავს.

"პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებში არსებული ანგარიშებიდან (850 მილიონ ლარამდე) თანხების ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშზე მობილიზებას ახდენს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 38.3%-ს, ანუ 10.16 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ თანხაში მათ შორის საქართველოს მთავრობის ლარის დეპოზიტებიც შედიოდა, რამაც დღევანდელი განცხადების მიხედვით კომერციული საბანკო სექტორიდან ეროვნულ ბანკში გადაინაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები