ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დეველოპერული სექტორის დაკრედიტების რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქებაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე მიღებულია ორი ცვლილება: ავანსის მოთხოვნის შემცირების და იპოთეკური სესხის თანადაფინანსების მინიმალური ზღვრის გადახედვის სახით, ხოლო დამატებით ცვლილებებზე მუშაობა დეველოპერებთან მიმდინარეობს.
"ჩვენ უკვე მიღებული, ჩვენ პროცესში ვართ დეველოპერებთან მიმართებით, არის საკმაოდ კომპლექსური რეგულაცია, რომელიც ერთ დღეში არ იცვლება, მაგრამ ორი კომპონენტი უკვე მიღებული არის, რაც ჩვენი აზრით დაეხმარება ბანკებსაც და დეველოპერებსაც, რომ ასე ვთქვათ უფრო აქტიურად განიხილონ ამ სექტორის დაკრედიტება, თუმცა ისედაც საკმაოდ მაღალია, მინდა გითხრათ. ერთი ეს არის, რომ ავანსების მოთხოვნის შემცირება, რაც უწყობს ხელს ამ კუთხით იპოთეკური სესხების გაცემას და მეორე არის ის, რომ თანადაფინანსების მოთხოვნის, გამომდინარე აქედან, მაქსიმალური და მინიმალური ზღვარი გადაიხედა ჩვენი მხრიდან და ამ კუთხით არის გარკვეული შემსუბუქება, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ბანკებს ვერ დავავალებთ, რომ პროექტები გინდა თუ არა დააფინანსონ, მაგრამ კარგი, ნაკლებ რისკიანი პროექტების შემთხვევაში არეალს უზრდის ბანკებს დასაფინანსებლად,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეველოპერულ კომპანიებზე კომერციული ბანკების მიერ გაცემული საკრედიტო პორტფელის მოცულობა 4.25 მილიარდ ლარს შეადგენს, რის შედეგადაც ეს სექტორი ბიზნესის დაკრედიტებაში #1 პოზიციას იკავებს. ამასთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი 12%-ს შეადგენდა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროს დაკრედიტება გაცილებით უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა გასულ წელს რაც 44%-ს აღემატებოდა, 2025 წელს კი ამ სექტორის საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი ფაქტობრივად ოთხჯერ შემცირდა.
2025 წლის თებერვალში ეროვნულმა ბანკმა იპოთეკურ სესხებში თანამონაწილეობის ზღვარი 15%-დან 10%-მდე შეამცირა, ეს ნაბიჯი დეველოპერული სექტორის გამოცოცხლებას ისახავდა მიზნად.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა ბანკებმა სულ 37,371 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.7%-ით, ანუ 4,958-ით არის შემცირებული. თუმცა იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 156 მილიონი ლარი).




























