ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოში წუხელ შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან ჩინეთის მიმართულებით 4 დეკემბერს დაიძრა. „აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ეკონომიკის მინისტრი ფაქტს ისტორიულს უწოდებს და აცხადებს: „ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდით - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველად ამოქმედდა რევერსულ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთი დაიძრა და პირველად, საქართველოს გავლით ჩინეთისკენ იმპორტირებული ტვირთი მიემგზავრება“.
მინისტრის თქმით, აღნიშნული დერეფანი საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქტის, განსაკუთრებით კი ღვინის გატანის შესაძლებლობას გაზრდის.
„ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო დერეფანი მოქმედებს ორმხრივ რეჟიმში, მასპინძლობს მზარდ რაოდენობა ტვირთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ არა მარტო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის, არამედ ქართული საექსპორტო პრუდუქციის ჩინეთში უფრო მარტივად ჩასასვლელად და ჩინურ ბაზარზე მოსახვედრად. ჩინეთი ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორია, ქართული ღვინის საკმაოდ დიდი მოცულობები მიემართება ჩინეთისკენ და ჩვენ ვხედავთ ამ ლოგისტიკის გაუმჯობესების გზით ქართული ექსპორტის ჩინურ ბაზარზე გაზრდის ძალიან კარგ შესაძლებლობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, მატარებელი ჩინეთის სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს შუა სარკინიგზო დერეფნის გავლით, 8 693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს.
ბაქო - თბილისი - ყარსი არის ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც გადის საქართველოზე და იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს სარკინიგზო მარშრუტი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს.
2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2 343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU).
ეკონომიკის სამინსტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოზე გამავალი დერეფანი გამოირჩევა არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეული უპირატესობით, არამედ განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ინსტიტუციური სისტემით.
„ამასთან, დერეფნის განვითარება არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობა, მას თან უნდა ახლდეს გამარტივებული და გაციფროვნებული საბაჟო და საზღვრის კვეთის პროცედურები, რაც ჩვენს უპირობო უპირატესობას წარმოადგენს. ამას ემატება საქართველოში მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, რომელიც გამოიხატება საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირების არსებობით მეზობელ ქვეყნებთან.
ამასთან, დაწყებულია მუშაობა ქვეყნის შიგნით არსებული სატრანსპორტო სისტემების (მათ შორის, პორტების) და ამავდროულად სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების საკითხებზე. ზემოხსენებული პროექტები და აქტივობები მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“, - აღნიშნავენ უწყებაში.