მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა ოქროს ფასის შემცირების შემთხვევაში, ოქროს დამატებითი რეზერვების შესყიდვას არ გამორიცხავს

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ოქროს შესყიდვისთვის საერთაშორისო ბაზარზე უფრო ხელსაყრელი პერიოდი იქნება, ეროვნული ბანკი მის დამატებით შესყიდვას არ გამორიცხავს.

ამასთან, ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, ოქროს მაქსიმალური წილი რეზერვებში 20%-ის ოდენობით არის განსაზღვრული. ამჟამად კი მისი წილი 17%-ს შეადგენს.

"ამჟამად პრაქტიკულად თითქმის გავაორმაგეთ ოქროს ღირებულება იმ დანახარჯთან შედარებით რაც მის შესყიდვაზე დავხარჯეთ. გვინდა თუ არა კიდევ შესყიდვა? ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით ოქროს წილი ჩვენს რეზერვებში განსაზღვრულია მაქსიმუმ 20%-ის ოდენობით. ამჟამად დაახლოებით 17%-ის ნიშნულზეა და აქ კითხვის ნიშანია რა გაიზრდება უფრო სწრაფად - ჩვენი რეზერვები თუ ოქროს ფასი.

კონიუნქტურა ისეთია, რომ ოქროს ფასი იზრდება, მაგრამ უპირატესობა შესყიდვისთვის აქვს პერიოდს, როდესაც ოქროს ფასი დაბალია. არ გამოვრიცხავთ რომ დაველოდოთ ისეთ პერიოდს, როცა ოქროს ფასი დაბალი იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სავალუტო რეზერვებში 229,478 უნცია, ანუ 7.1 ტონა მონეტარული ოქროც დაამატა. ეს ოქრო შესყიდვის დროს 500 მილიონი დოლარი ღირდა, ხოლო ამჟამად კი მისი ფასი 920 მილიონ დოლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები