საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი აქვეყნებს.
სებ-მა ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კონფერენციის ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ Christine Lagarde-თან შეხვედრისას მიეცა შესაძლებლობა გაეცვალა ხედვები საფინანსო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, ეროვნული ბანკის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა. თურნავა ასევე გაესაუბრა მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მმართველებს, მათ შორის FED-ის თავმჯდომარეს ჯერომ პაუელსა და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს, ასევე ინგლისის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ენდრიუ ბეილისს.
"ბაზელში, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული კონფერენციის მთავარი თემა დიჯიტალიზაციის და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ მსჯელობა იყო.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ციფრული ფინანსების, ლიკვიდობის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები. იმსჯელეს ცენტრალური ბანკების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა მსგავსი მასშტაბის გლობალურ ფინანსურ დისკუსიებში მნიშვნელოვანია.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ეკონომიკური ექსპერტები და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის პარალელურად, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა წელს ასევე უმასპინძლა რიგით 95-ე ყოველწლიურ შეხვედრას. 1930 წელს დაფუძნებული ბანკის სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





























