საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ბელგიის ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ღონისძიება ბელგიის ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდები-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა პლატფორმის შექმნა გლობალური ეკონომიკური ტენდენციების, ფინანსური სტაბილურობის გამოწვევებისა და ცენტრალური ბანკების სამომავლო პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვის მიზნით.
ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდები-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების: ბელგიის, ნიდერლანდების, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, კვიპროსის, საქართველოს, ისრაელის, ლუქსემბურგის, მოლდოვის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, სომხეთისა და უკრაინის ცენტრალური ბანკების მმართველები და მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის პირველი სესიის ფარგლებში გამართული საერთო დისკუსიისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციის სტაბილურობას.
„საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და მაღალი ზრდის პარალელურად მაკროეკონომიკური ბალანსი შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდა არ ქმნის ჭარბ ინფლაციურ წნეხს და ზრდის ტემპი გრძელვადიან ტრენდს უბრუნდება. საბაზისო პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო წელს 5%-ის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ ასევე განაცხადა, რომ სებ-მა გასულ წელს 2.4 მილიარდი დოლარის რეზერვები შეისყიდა, რის შედეგადაც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 6.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.




























