მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავას ბრძანებით, ბანკებისთვის დადგენილი ჯარიმების ზედა ზღვარი გაათმაგდა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკმა "კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში" ცვლილებები შეიტანა და დარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზედა ზღვარი გაზარდა - ამას ითვალისწინებს სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

შედეგად სებ-ს ბანკების დაჯარიმება შეეძლება მათი საზედამხედველო კაპიტალის 1%-ის ოდენობის თანხითაც, რასაც აქამდე კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და მისი ზედა ზღვარი 0.1%-ით იყო განსაზღვრული.

ბანკების ფულადი ჯარიმების განმსაზღვრელი ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს მიიღო და მისი მიხედვით, სებ-ს ბანკებისთვის შეეძლო დაეწესებინა ჯარიმა, რომლის მოცულობაც იყო საზედამხედველო კაპიტალის 0.01%, 0.05%, 0.1%, ხოლო ახალი ბრძანებით მას ემატება საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ისა და 1%-ის ოდენობის ჯარიმები.

აღნიშნული ცვლილება მის მიღებამდე სებ-ის ნორმატიული აქტების პროექტების ბაზაში ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, 4 მარტს კი მას ნათია თურნავამ ხელი მოაწერა, რის შედეგადაც ის ძალაში შევიდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, რაც ამ ინიციატივის წარდგენისას დოკუმენტზე იყო თანდართული, ეს ცვლილება საზედამხედველო ეფექტიანობის ზრდისკენ არის მიმართული:

"ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის შესაბამისი საზედამხედველო ზომების და სანქციის-ფულადი ჯარიმის გამოყენება მსოფლიოს განვითარებულ და წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ და აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

ამავე პრაქტიკის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად", - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რა წერია ბრძანებაში:

"მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება) ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობისას ბანკი ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის ან/და ქმედების წარმოების/განხორციელების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის, 0.1%-ის, 0.5%-ის ან 1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე,"- ნათქვამია ბრძანებაში.

თანხობრივად ეს ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის მკვეთრ ზრდას ნიშნავს. მაგალითად, საქართველოში მოქმედი სისტემური მნიშვნელობის ბანკის საზედამხედველო კაპიტალი არის 6 მილიარდი ლარი, მისი 1% არის 60 მილიონი ლარი და შესაბამისად ჯარიმის ზედა ზღვარიც ამ ბანკისთვის 60 მილიონი ლარით განისაზღვრება. შედარებისთვის აქამდე მოქმედი ნორმით ჯარიმის ზედა ზღვარი საზედამხედველო კაპიტალის 0.1% იყო, რაც 6 მილიარდი ლარის საზედამხედველო კაპიტალის მქონე ბანკისთვის 6 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები