"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის შეფასებით, ბრიტანული სანქციების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორებმა იციან, არავინ აპირებს სანქციების დარღვევას და ვერ ხედავენ რისკებს ამ მიმართულებით.
როგორც მან BMG-ის "იმედის“ და POSTV-ს სანქციებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან საერთაშორისო წესები.
"ნათია თურნავას განცხადება ვერ ცვლის რეალობას: ქართული საბანკო სისტემა გლობალური ორგანიზმის ნაწილია. ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან საერთაშორისო წესები, რათა არ მოხდეს მთელი ქვეყნის ფინანსური პარალიზება. ინვესტორების პოზიტიური რეაქცია ლონდონის ბირჟაზე სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარი ენდობა ბანკების რაციონალურობას და არა ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესებს", - აცხადებს გიორგი კეპულაძე.
ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედი“ და POSTV – სანქციები დაუწესა, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ.




























