მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NATO აღმოსავლეთით გაფართოებაზე რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს - RFE/RL

putin

აღმოსავლეთით ექსპანსიის შეწყვეტაზე NATO რუსეთთან აქტიურ მოლაპარაკებებს არ მართავს - ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა Radio Free Europe-ს ანონიმურად განუცხადეს.

მედიასთან საუბარში NATO-ს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ალიანსის პოტენციურად არგაფართოებაზე საუბარი არ ყოფილა არც ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე.

ანონიმური წყაროების ამ ინფორმაციას წინ უსწრებდა 28 მაისს Reuters-ის მიერ მომზადებული მასალა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებში შედიოდა წერილობითი პირობა დასავლელი ლიდერებისგან, რომ NATO გაფართოებას შეწყვეტს.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში NATO-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსკოვის მოთხოვნები არარეალისტურია. ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო შეთანხმებები - მათ შორის, 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, 1969 წლის ვენის კონვენცია და 1975 წლის ჰელსინკის აქტი - თითოეულ სახელმწიფოს სხვადასხვა ალიანსში გაწევრიანების თავისუფალ არჩევანს უზრუნველყოფს.

გასულ წლებში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი უკრაინაში ომის დაწყებისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილის დაკავშირებაა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო ოპერაციები უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს, ყირიმის ანექსიით დაიწყო, როდესაც უკრაინას სამხედრო ალიანსში გაერთიანების მცირე შანსი ჰქონდა, როგორც ამას Kyiv Independent აღნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები