მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NATO-მ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს - ვინ არის კევინ ჰამილტონი?

კევინ ჰამილტონი

NATO-მ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კევინ ჰამილტონი დანიშნა.

ალიანსის განცხადებით, ჰამილტონი პასუხისმგებელი იქნება ამ ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში ალიანსის პოლიტიკის გატარებასა და პარტნიორობის გაღრმავებაზე. პარალელურად, იგი დაიკავებს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტს პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში.

ცნობისთვის, ჰამილტონი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ხავიერ კოლომინას ჩაანაცვლებს. ის თანამდებობას 2021-2026 წლებშ იკავებდა.

კევინ ჰამილტონი კანადის საგარეო სამსახურის გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც კავკასიის რეგიონთან მუშაობის უშუალო გამოცდილება აქვს. 2023-დან 2026 წლამდე იგი კანადის ელჩი იყო თურქეთში, ამავდროულად აკრედიტებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში. მანამდე, 2016-2020 წლებში, ჰამილტონი ელჩის მოვალეობას რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვაში ასრულებდა, ხოლო უფრო ადრეულ პერიოდში ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში კანადის მისიას ხელმძღვანელობდა.

მისი კარიერა მოიცავს მნიშვნელოვან პოსტებს კანადის საგარეო უწყებაში, სადაც 2020-2023 წლებში საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. ამ ამპლუაში იგი კურირებდა NATO-სა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების, ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვისა და იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებს. სხვადასხვა დროს მას ასევე ეკავა პოლიტიკური მრჩევლის პოსტი დიდ ბრიტანეთში და მუშაობდა კანადის საელჩოებში თელ-ავივსა და სარაევოში.

კევინ ჰამილტონს მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი კი ოტავას კარლტონის უნივერსიტეტში. იგი მიიჩნევა ექსპერტად კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები