"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს და "ნაციონალები“ აღარ უნდა იყვნენ აქტუალური. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს. 2028 წლისთვის სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. „ნაციონალები“ აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება სააკაშვილის , გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას, უკლებლივ ოთხივე „ნაციონალურ“ პოლიტიკურ პარტიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას და სკამები პარლამენტში.
"თუმცა მე მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება",- აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიციის 49 წევრის მანდატების შეწყვეტაზე, კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია გაძევებულ იქნა პარლამენტიდან".
"მათ თვითონ დაწერეს განცხადებები ამასთან დაკავშირებით. მე მგონი არც ელოდნენ, რომ ეს განცხადებები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, არც ერთი „ნაციონალის“ ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა კობახიძემ.




























