მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "ბიპისი" საექსპორტო ბაზრებს აფართოებს - სად გავა პროდუქცია?

ბიპისი

საოჯახო ბიზნესი, შპს „ბიპისი" ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და სპეციალიზებულია ნატურალური და ორგანული წვენების წარმოებაში. დღეისათვის კომპანია ყველანაირი კონსერვანტების გარეშე წვენებს აწარმოებს. კერძოდ ასკილის, ბროწეულის და ვაშლის ნაყოფებისგან ბრენდებით 'ანოს' და 'ჰელიოს", რომელიც მინის ბოთლებსა და პლასტმასის სპეციალურ ბოთლებში ისხმება. კომპანია თავდაპირველად თბილისში, ხოლო 2021 წლიდან სოფელ ნატახტარში ფუნქციონირებს. ახალი საწარმოს ასამუშავებლად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მერაბ აბაშიძე BM.GE-სთან აცხადებს, კომპანია საექსპორტო ბაზრებზე აქტიურად მუშაობს და არაერთი ნიმუში ბევრ ქვეყანაში აქვს გაგზავნილი.

მისივე ცნობით, კომპანია ექსპორტს პოლონეთში, ჩეხეთსა და აშშ-ში ახორციელებდა. წლის ბოლომდე კი, პროდუქციის ახალ საექსპორტო ბაზარზე დუბაიში გატანა იგეგმება.

„ადგილობრივ ბაზარზე ქსელურ მარკეტთან "სპარი" გვაქვს ხელშეკრულება და "სპარის" ეტიკეტით იყიდება. თითქმის ყველა ქსელში შევდივართ, გარდა მაგნიტისა, თუმცა ამ ქსელებს შორის იმხელა კონკურენციაა, რომ რთულია სარეალიზაციო არეალის გაფართოება.

პროდუქცია ექსპორტზე ევროპაში, კერძოდ პოლონეთსა და ჩეხეთში გაგვაქვს, ხოლო აშშ-ს ბაზარზე წლინახევრიანი პაუზა გვაქვს. ამერიკის ბაზარზე, ვფიქრობთ რომ ქსელურ მარკეტებს გავეშვათ და პროდუქცია სრულად ონლაინ პლატფორმების საშუალებით გავყიდოთ. რაც შეეხება ახალ ბაზრებს, ამჟამად, მოლაპარაკებები დუბაის ბაზართან მიმდინარეობს. პროცესი ხელმოწერის ეტაპზეა მისული და დუბაიში გასვლა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იგეგმება. მათ ძალიან მოეწონათ ასკილის წვენი. უახლოეს 2 კვირაში უკვე ყველა დეტალი გვეცოდინება. თავიდან საუბარი ძალიან დიდი მოცულობის გაგზავნაზე იყო, თუმცა იმის მესამედიც რომ გამოვიდეს, კარგია“, - განაცხადა საწარმოს დამფუძნებელმა.

აბაშიძე საწარმოს პოტენციალზე საუბრობს და აცხადებს, რომ საწარმოო პოტენციალი თვეში 70 ტონას უდრის. იმ შემთხვევაში, თუ დუბაიში ექსპორტი გამოვა, კომპანიის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ პოტენციალის სრულად ათვისებას შეძლებენ.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე წარმოებაში ასკილის, ბროწეულის, ალუბლისა და ვაშლის წვენს იწარმოება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი მოსავალი იყო, კომპანიას ალუბლის წვენის წარმოებიდან ამოღება მოუწია. შესაბამისად, ახალი პროდუქტების დამატება არ იგეგმება, თუმცა მომავალი წლიდან წარმოებაში ალუბლის წვენის აღდგენა გამორიცხული არ არის. საწარმო სრულად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილ ნედლეულს ყიდულობს, გარდა ვაშლის კონცენტრატისა, რომელსაც დილერისგან ყიდულობენ.

აბაშიძის თქმით, საწარმოში გარდა შემგროვებლებისა, 15 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები