"ნავსადგურში ლოგისტიკური პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ახალ ელექტრონულ პლატფორმას ვნერგავთ“, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი რეფორმა გატარდა მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში, დაინერგა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები და ამ მიმართულებით რეფორმების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.
„საქართველო 1993 წლიდან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრია და აქტიურად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ამის დასტურია წელს წარმატებით გავლილი საერთაშორისო აუდიტი და ორგანიზაციის „თეთრ სიაში“ სტაბილური, მრავალწლიანი ადგილი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დარგის შემდგომ განვითარებაზე. მნიშვნელოვანი პროექტია საზღვაო სექტორის გაციფრულება. გასული წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ეროვნული საზღვაო „ერთი ფანჯრის სისტემა“, რომელმაც უკვე გაამარტივა ნავსადგურებში გემების შესვლა-გამოსვლის პროცედურები. გარდა ამისა, ნავსადგურში ლოგისტიკური პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ახალ ელექტრონულ პლატფორმას ვნერგავთ. ჩვენ სულ უფრო მეტად ვხდებით ევროპასა და აზიას შორის საიმედო დამაკავშირებელი რგოლი „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მეზღვაურების როლსა და მნიშვნელობას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ მეზღვაურს. თქვენი გმირული შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს წინსვლა. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურის დღეს. გისურვებთ მშვიდ ზღვას, უსაფრთხო ნაოსნობას და ყოველთვის მშვიდობით დაბრუნებას სამშობლოში“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ,რომ ბათუმში დღეს მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.




























