მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობი ისევ ძვირდება - რა ელის სურსათის ფასს საქართველოში?

სურსათი

საერთაშორისო ბაზრებზე საწვავი კვლავ ძვირდება. თებერვლის ბოლოს დაწყებული აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, მსოფლიოს ძვირი უჯდება.

მედიაში გავრცელებულმა ცნობებმა, რომ თეირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში კვლავ მძიმე დარტყმებს განიხილავს, Brent-ის ნავთობი გარკვეული პერიოდი 120 დოლარამდეც გააძვირა.

გაძვირების მიზეზი კვლავ ჰორმუზის სრუტეა, რომლის სრულად გახსნაც, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ხერხდება. არადა ომამდე ამ ვიწრო გასასვლელით სპარსეთის ყურიდან ოკეანეში მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადიოდა. ნავთობის მწარმოებელ მთავარ რეგიონში არსებული კონფლიქტი, მთელ მსოფლიოზე აისახა, რადგან ამ სრუტით გატარებული ნედლეულის მომხმარებელია როგორც ევროპა, ისე აზიაში ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია.

მიწოდების შეფერხებამ ყველა ტიპის ნავთობპროდუქტი გააძვირა ასე მაგალითად თუ ომამდე Brent-ის ფასი 70 დოლარამდე იყო, დღეს უკვე 110 დოლარს აჭარბებს. ბევრ სფეროში, მათ შორის ავიაციაშიც კოვიდის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი შეიქმნა.

ბუნებრივია, საწვავი გაძვირდა საქართველოშიც. პარლამენტის ფასების კომისიაზე მისული ნავთობიმპორტიორები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ფასს ორი ფაქტორი განსაზღვრავს: პლაცი და ლარის კურსი. სწორედ პლაცით ხსნიდნენ პარლამენტში დაბარებული კომპანიების წარმომადგენლები ფასის ცვლილებას.

"ციფრებში რომ შევხედოთ, ნედლი ნავთობი დაახლოებით 60%-ით გაძვირდა, ბენზინის ფასმა კი 54%-ით მოიმატა. თუ დღევანდელ მონაცემებს ომამდელ პერიოდს 1 მარტამდე არსებულ ნიშნულებს შევადარებთ, დიზელის გაძვირებამ 64% შეადგინა. ბუნებრივია, ყოველივე ამამ შიდა ბაზარზე ფასების ცვლილება გამოიწვია. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა მოთხოვნა 100%-ით იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება. ფასის წარმოქმნაში კი ორ მთავარ ფაქტორს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს და საერთაშორისო „პლაცის“ ნიშნულს. ვინაიდან ერთ-ერთი ინდიკატორი „პლაცის“ ნიშნული ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, ბაზრის რეაქცია ადეკვატურია: გაზრდილი თვითღირებულების გამო, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების შესაბამისი ცვლილება აუცილებელი ხდება", - ამბობს "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

რომპეტროლის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ კომპანიას მხოლოდ 30 დღემდე მარაგების შექმნა შეუძლია.

"მარაგების არსებობის პირობებში, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შექმნილი საომარი ვითარების ფონზე ფასები პირდაპირპროპორციულად არ გაგვეზარდა. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ბულგარეთში მოქმედმა კომპანიებმა ფასები რადიკალურად ჯერ კიდევ 3 მარტიდან გაზარდეს, ჩვენთან ეს პროცესი 11 მარტს დაიწყო. კერძოდ, „რომპეტროლ საქართველომ“ ფასების მატება 11 მარტიდან დაიწყო. საერთო ჯამში, ბენზინის ფასი დაახლოებით 13%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელისა - 31%-ით. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც იმავე პერიოდში საერთაშორისო „პლაცის“, - განაცხადა "რომპერტოლის" ლოგისტიკისა და მომარაგების მენეჯერმა მედია წერეთელმა "ფასების კომისიაზე".

საქართველოში საწვავი მარტიდან გაძვირდა. ბრენდულ სადგურებზე ევრო რეგულარის საწვავის ფასმა ომის დაწყების შემდეგ საშუალოდ 16%-ით მოიმატა; პრემიუმმაც 16%-ით; სუპერი კი 13%-ით გაძვირდა. გაცილებით უფრო მკვეთრია მატება დიზელის მიმართულებით და ევროდიზელის ღირებულება 33%-ით არის გაზრდილი.

საწვავზე ფასების მატება აძვირებს სხვა პროდუქტებსაც. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვეუბნება, არსებული ფასი თუ შენარჩუნდა, სურსათი კიდევ გაძვირდება.

"საგარეო ფაქტორი, რაც დღეს გვაქვს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ გაზრდილ შიდა ლოგისტიკურ ხარჯზე, არამედ საერთაშორისო გადაზიდვაზეც, რომელზეც პირდაპირ გავლენას ახდენს საწვავის ფასი. საერთაშორისო მომწოდებლებისთვისაც ძვირდება წარმოების პროცესი. ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ფასის ნებისმიერი ცვლილება შიდა თუ საერთაშორისო გადაზიდვებზე რა თქმა უნდა, ეხება საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებას. გარკვეულ პროდუქციაზე ეს ცვლილებები ასახულია და უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით ცვლილებები რა თქმა უნდა, გვექნება თუ ნავთობის ფასმა რამე სტაბილური ნიშნული არ დაიჭირა", - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე.

საქსტატის მონაცემები ჯერ კიდევ მარტში სურსათის ჯგუფში ფასების 7%-იან მატებას აჩვენებს და მომდევნო თვეებში ინფლაციის უფრო მაღალ მაჩვენებელსაც უნდა ველოდოთ. არადა წლის ბოლოს მთავრობა მაღალ ფასებზე ლაპარაკობდა და ამ მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც შექმნა. თუ ვითარება არ შეიცვალა და მიწოდება ომამდე პერიოდს არ დაუბრუნდა, ინფლაციის ზრდა გარდაუვალი რეალობა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები