Covid-პანდემიისა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა. ინფორმაციას ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ავრცელებს.
მათი ცნობით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 1 042,3 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004.8 ათასი ტონა) შედარებით 37.5 ათასი ტონით ანუ 3.7%-ით, ხოლო პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (992.6 ათასი ტონა) 49.7 ათასი ტონით ანუ 5%-ით აღემატება.
„პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში გასულ წელს დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, თუმცა მიმდინარე წელს მაჩვენებელი დადებითი მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 85.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51.2 ათასი ტონა) შედარებით 34.6 ათასი ტონით ანუ 67.6%-ით მეტია და პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92.2 ათასი ტონა) შედარებით 6.4 ათასი ტონით ანუ 6.9%-ით ნაკლებია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ პანდემიამ სხვა სახის ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. მათი ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 107 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (119.6 ათასი ტონა) შედარებით 12.6 ათასი ტონით ანუ 10.5%-ით ნაკლებია.
2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17.12 ათასი ტონა შეადგინა, რაც ფაქტიურად გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით იგივეა.
მიმდინარე წლის ამავე პერიოდში შემცირებულია ასევე გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი, რამაც 34.6 ათასი ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით (41.9 ათასი ტონა) 7.3 ათასი ტონით ანუ 17.4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნია ისიც, რომ 11 თვის განმავლობაში იმპორტის 92.2% (31,9 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.




























