"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასის ზრდის ან დეფიციტის წინაპირობა არ არსებობს. ამის შესახებ მან მედიაცენტრ "კვირის" პრესკლუბში განაცხადა.
გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ვერ დაეთანხმება შეფასებებს, რომ რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვა საქართველოში საწვავს 20 თეთრით გააძვირებს. მისი განმარტებით, ბაზრის სტაბილურობას ევროპული საწვავის იმპორტი უზრუნველყოფს, რომლის ფასიც უკვე რუსულთან გათანაბრებულია, ვინაიდან გასული წლისგან განსხვავებით, საქართველო რუსულ საწვავს ფასდაკლებით აღარ იღებს.
„საწვავის ფასი ვერ გაიზრდება 20 თეთრით, ამის საფუძველი დღესდღეობით არ გვაქვს. კი ბატონო, რუსეთმა გააკეთა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ბოლო თვეებში რუსული და ევროპული საწვავის ფასები გათანაბრებულია. ჩვენ რუსეთი აღარ გვაძლევდა დიდი ფასდაკლებით, ისე როგორც შარშან. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ფასის გაზრდის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, არ ვიყიდით ივანასგან [რუსეთიდან], ვიყიდით ჯორჯისგან [ევროპიდან]. მარტივი მიდგომაა, სადაც იაფად ვიშოვით, იქიდან შემოვიტანთ. ცხადია, ხარისხი და სტანდარტი მოთხოვნების შესაბამისი უნდა იყოს.
რუსეთს ჰქონდა ერთი პლუსი, ტრანსპორტირება ბევრად მისაღები იყო ქართული კომპანიებისთვის, მოდიოდა ვაგონებით გარდაბანში და აღარ სჭირდებოდა გადატვირთვა, ან დამატებითი ხარჯები“, - ამბობს იობაშვილი.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში საწვავის ფასის შემდგომი ცვლილება საერთაშორისო ბაზრებზეა დამოკიდებული.
„გაძვირება მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზეა დამოკიდებული. თუ პოლიტიკურმა გავლენამ მსოფლიო ბაზრებზე არ იმოქმედა, ჩვენ დღეისთვის არაფერი გვემუქრება. ამიტომ, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ.
ზოგიერთი ექსპერტი იძახის, შეიძლება დეფიციტი შეგვექმნასო, დეფიციტი არ ყოფილა და არც შეიქმნება, რადგან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, შემოვიტანთ მატარებლით, გემებით, ამიტომ ესეც არაა პრობლემა“, - ამბობს იობაშვილი.
რუსეთმა, რომელიც საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელია, საწვავის ექსპორტზე ნახევარწლიანი აკრძალვა შემოიღო. როგორც "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელმა, ზაალ იაკობიძემ "საქმის კურსის" ეთერში, საკითხის შეფასებისას განაცხადა, გადაწყვეტილება საქართველოში საწვავს 10-20 თეთრით გააძვირებს.