საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი, რუსეთის ფედერაცია ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს. აღნიშნულს ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები სწორედ რუსეთიდან შემოდის. ამას ცხადყოფს, როგორც წლიური, ისე 2024 წლის იანვრის ოფიციალური სტატისტიკაც. რუსეთის გარდა ქართულ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს საწვავი სხვა ქვეყნებიდანაც შემოაქვთ.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ 80.3 მლნ დოლარის ღირებულების 98 944 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის 46.1% სწორედ რუსულ ნავთობზე მოდიოდა. იმპორტიორი ქვეყნების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $37.1 მლნ, 51 253 ტონა;
- რუმინეთი - $10.8 მლნ, 13 796 ტონა;
- ბულგარეთი - $9.4 მლნ, 11 523 ტონა;
- აზერბაიჯანი - $5.8 მლნ, 7 540 ტონა;
- თურქეთი - $4.8 მლნ, 4 140 ტონა.
იანვრის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების ყველაზე იაფი ბაზარი რუსეთია.
რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 166 მილიონი დოლარის ღირებულების 1 418 191 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შევიძინეთ, რაც 2022 წლის რიცხვებს ღირებულებით 12.5%-ით, ხოლო მოცულობით 6.5%-ით აღემატება. იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 47.3% რუსეთზე მოდიოდა.
იმპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით კი 2023 წელს TOP-5 ქვეყნის რეიტინგი ასეთი იყო:
- რუსეთი - $552 მლნ, 771 395 ტონა;
- რუმინეთი - $167.8 მლნ, 193 633 ტონა;
- ბულგარეთი - $96.9 მლნ, 109 156 ტონა;
- აზერბაიჯანი - $95.4 მლნ, 112 388 ტონა;
- თურქმენეთი - $84.5 მლნ, 96 343 ტონა.
ამ ქვეყნების გარდა, გასულ წელს საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, მალტადან, ბელგიიდან, ლიბიიდან, ნიდერლანდებიდან, კორეის რესპუბლიკიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და სხვა ქვეყნებიდანაც მოხდა.
BM.GE-მ საქსტატიდან უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიების TOP-10-ეულიც გამოითხოვა. ესენი არიან: სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია; შპს ლაგუნა; შპს ლუკოილ-ჯორჯია; შპს პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია; შპს რომპეტროლ საქართველო; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი; შპს ჯე ტრეიდ; შპს ჯორჯიან პეტროლიუმი.
როგორ აისახება ფასზე ფედერაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები BMG შეეცდება ბიზნესთან და სექტორულ ასოციაციებთან გაარკვიოს.