გაზაფხულსა და ზაფხულში საწვავზე მოთხოვნის ზრდის დარეგულირების მიზნით, რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს.
რუსული გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს.
საინფორმაციო სააგენტო TASS-სს ინფორმაცია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა დროებითი შეზღუდვის მიზეზებიც განმარტა.
„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს“, - განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, გასულ თვეში საქართველომ 80.3 მლნ აშშ დოლარის 98 944 ნავთობი და ნავთობპროდუქტბი შეიძინა. მთავარი იმპორტიორი რუსეთია, საიდანაც 37.1 მლნ აშშ დოლარის 51 253 ტონა შემოვიდა. მას მოჰყვება რუმინეთი 10.8 მლნ აშშ დოლარით და ბულგარეთი 9.4 მლნ აშშ დოლარით.