ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს საწვავზე ევრო 5 სტანდარტის მოქმედების დროებით შეჩერებას სთხოვს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას საწვავის შესაძლო დეფიციტისგან დააზღვევს და ალტერნატიული, უფრო იაფი ბაზრებიდან იმპორტის შესაძლებლობას გააჩენს.
საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასტაბილურობისა და ენერგომატარებლებზე გლობალური მოთხოვნის ცვლილების ფონზე, იმპორტიორები მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამჟამად საქართველოში მოქმედი ევრო 5 სტანდარტი ზღუდავს საწვავის შემოტანას იმ რეგიონული ქვეყნებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ევრო 4 (მაგალითად, 92-იანი მარკის ბენზინის) სტანდარტის პროდუქციას აწარმოებენ.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი bm.ge-სთან ამბობს, ევრო 5 და ევრო 4 სტანდარტებს შორის ხარისხობრივი სხვაობა მცირეა, თუმცა ამ შეზღუდვის მოხსნას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბაზრის სტაბილური მომარაგებისთვის.
„ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ევრო 5 სტანდარტი, რომელიც შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე ევრო 4. სპეციალისტების შეფასებით, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არ არის. უმორჩილესად მივმართავთ ხელისუფლებასა და პარლამენტს, რომ დროებით შევაჩეროთ ჩვენთან ევრო 5-ის მოქმედება. ეს მოგვცემს საშუალებას, საწვავი შემოვიტანოთ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენი მეზობლები არიან, თუმცა დღეს ევრო 5-ს არ აწარმოებენ“, - აცხადებს იობაშვილი.
მისივე განმარტებით, სტანდარტის დროებითი შერბილება საქართველოს საშუალებას მისცემს, საწვავი აზიის ქვეყნებიდანაც შემოიტანოს, რაც ქვეყანას კრიზისული სცენარებისგან დაიცავს.
„თუ ამას შევძლებთ, ჩვენ შემოვიტანთ იმპორტს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, შუა აზიის რესპუბლიკებიდან - უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარე, არასოდეს არ უნდა შეგვექმნას დეფიციტი, რადგან საწვავის მიღება შეგვიძლია როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან. ამიტომ, უნდა მივცეთ იმპორტიორ კომპანიებს უფლება, აღნიშნული ქვეყნებიდან შემოიტანონ არა-ევრო 5 საწვავი. ქვეყანა არ უნდა ჩავაგდოთ დეფიციტის პრობლემაში“, - აღნიშნავს ვახტანგ იობაშვილი.
ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასი კვლავ იზრდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის ფასი 4-15 თეთრით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს. ივლისის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრამდე იყო გაძვირებული.




























