ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილის აცხადებს, რომ ბიზნესგაერთიანების წევრ კომპანიებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავი არ მიუწოდებიათ. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.
„მერწმუნეთ, 3000 ტონა ეს დიდი რაოდენობაა და ერთი კომპანია ამას ერთჯერადად ვერ შეძლებდა. თან პლუს, წარმოიდგინეთ, იქ გემია საჭირო, გემის დაფრახტვა, ეს ყველაფერი დიდი ფული ჯდება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის იმას ვემხრობოდით, რომ რკინიგზით შემოტანილი საწვავი გაცილებით ლოგიკურია, გაცილებით ნორმალურია ანუ უფრო იაფი ჯდება ვიდრე ზღვიდან შემოტანილი.
რა თქმა უნდა, ყველა გაკვირვებულია. არავინ არ იტყვის, კიდეც რომ იყოს ვინმე, მე რატომ გამიმხელენ? მაგრამ არ არის ასე. ბენზინის შეტანა, საწვავის შეტანა ეს სპეციალურ ადგილებზე ხდება. იქ აუცილებლად უნდა იყოს ტერმინალი, პორტი და ასე...“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
მისი აზრით, საწვავის მიწოდება საზღვაო გზით მოხდა, რადგან ამ მოცულობის სხვა გზებით მიწოდება შეუძლებელი იქნებოდა.
„3000 ტონის ასეთნაირად უბრალოდ შეტანა, გამორიცხულია. 3000 ტონა დიდი რაოდენობაა და ჩემი აზრით, ეს ალბათ მიეწოდა ზღვით მიეწოდა. რადგან სხვა შემთხვევაში 3000 ტონის მიწოდება შეუძლებელი. ის რომ რაღაც გადამზიდებმა მდინარეები გადალახეს, შეუძლებელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა იობაშვილმა.
12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. დღეს კი "ქართული ოცნების" დეპუტატმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ბიზნესმა 3 000 ტონა საწვავი გაგზავნა.




























