რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა. რუსული მედიის ცნობით, ინფორმაცია მათ მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.
როგორ აისახება საქართველოსთვის ნავთობის მთავარი იმპორტიორი ქვეყნის მხრიდან ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა - "საქმის კურსის" ამ და სხვა კითხვებს "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ უპასუხა. მისი განმარტებით, მსგავსი შემთხვევა რუსეთთან მიმართებით ახლო წარსულშიც ყოფილა და მაშინ ადგილობრივმა ნავთობიმპორტიორებმა გადაწყობა სხვა ბაზრებზე მარტივად შეძლეს.
“ვფიქრობ, დღეისათვის, როცა ეს პროცესი ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს, გადაწყობა მოხდება და რუსეთი სხვა ქვეყნებით ჩანაცვლდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რაღაც დიდი პრობლემა არ უნდა წარმოიშვას. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლითაც შესაძლოა ჩანაცვლება - ესენია ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, ძირითადად ეს ქვეყნებია, საიდანაც საწვავის მიღება იქნება შესაძლებელი”, - ამბობს იაკობიძე.
ნავთობიმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მათ რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მომწოდებლების მხრიდან ამ დროისთვის არ აქვთ, თუმცა აკრძალვის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოში საწვავი მინიმუმ 10-20 თეთრის გაძვირდება. ზაალ იაკობიძის თქმით, ნავთობიმპორტიორების ფასების დაკორექტირებას აკრძალვიდან დაახლოებით 10 დღეში დაიწყებენ.
“რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზრიდან საწვავის შემოტანა, სხვა ბაზრებთან შედარებით, შეღავათიან ფასად ხდება. ფასის ფორმირება დამატებით ისე ფაქტორებზეა დამოკიდებული როგორიც საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების ცვლილება და ასევე იმაზე, რამდენად მყარი იქნება საქართველოში ლარის კურსი. თუ ეს ორი ფაქტორი არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავი ფასი 10-20 თეთრის ფარგლებში შეიცვლება", - აცხადებს "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.