ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გასამართი სადგურების მონიტორინგის დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ BM.GE-ს კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ინიციატივა კავშირში გაჩნდა, რამეთუ მონიტორინგის პრაქტიკა მათ ადრეც ჰქონდათ და ის კარგად მუშაობდა.
„ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გასამართი სადგურებზე საწვავის ხარისხსა და სტანდარტებს. აუცილებლად უნდა შემოწმდეს საწვავის ხარისხი.
ჩვენ ამის უფლებამოსილება ადრეც გვქონდა, გვყვავდა აკრედიტირებული ექსპერტები, გვქონდა ხელშეკრულებების აკრედიტირებულ ლაბორატორიებთან და ვამოწმებდით ხარისხსა და ზომა-წონას. მონიტორინგის საკითხი ამ ეტაპზე პროექტის დონეზე მუშავდება. რის შემდეგ ჩვენ ჩავაყენებთ საქმის კურსში ყველა შესაბამის უწყებასა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უნდა აღდგეს ეს პროცესი, რათა მომხმარებელი იყოს დაცული“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, მონიტორინგი გაერთიანების ფინანსური რესურსით მოხდება. კითხვაზე - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რა აღსრულების მექანიზმები იქნება ამოქმედებული, ვახტანგ იობაშვილი პასუხობს: „მონიტორინგის შედეგებს ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადავცემთ, სადაც ხარისხის დეპარტამენტია და მათი მხრიდან სტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნა იქნება. ეს ძალიან ძვირადღირებული ბიზნესია, რომლის წარმოებისას კანონი ყველამ უნდა დაიცვას“.