ახლო აღმოსავლეთში არსებული მძიმე ვითარებისა და გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრი ზრდის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები მკვეთრად იზრდება. ერთ კვირაში ნავთობის ფასი საშუალოდ 8%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ღირებულებამ დღეს 97 დოლარს გადააჭარბა, ხოლო WTI-ის ფასი 92 დოლარის ფარგლებშია.
საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 60%-ით არის გაძვირებული, რაც ჰორმუზის სრუტის შეფერხებით არის განპირობებული.
ბუნებრივია, ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რის გამოც ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი დაახლოებით 35 თეთრით გაიზარდა. ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ლიტრი სუპერის ფასი 4.35 ლარის ფარგლებშია; პრემიუმი დაახლოებით 3.93 ლარი ღირს; რეგულარის ფასი საშუალოდ 3.75 ლარია; ხოლო დიზელი დაახლოებით 4.50 ლარად იყიდება.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მას გაცილების მკვეთრი ზრდა აქვს და წლის განმავლობაში ის თითქმის 150%-ით არის გაძვირებული. მიმდინარე კვირას გაზი საშუალოდ 5%-ით გაძვირდა და მეგავატი/საათი ენერგიის ფასმა ბირჟაზე 73 ევროს გადააჭარბა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ენერგეტიკული რესურსების გაძვირებას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა და ჰორმუზის სრუტის პარალიზება იწვევს. ინვესტორები შიშობენ, რომ კონფლიქტი ზამთრამდე ვერ მოგვარდება, რაც გაზისა თუ სხვა სათბობი რესურსების ბუნებრივ გაძვირებას უწყობს ხელს.




























