ორშაბათს, 10 აგვისტოს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა - მატება უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში, ჰორმუზის სრუტეში კრიზისის სწრაფად დასრულების მოლოდინების შემცირებას და ამ მხრივ გაურკვევლობის მატებას.
Brent-ის ფასი ბარელზე $84.92-მდე ავიდა, რაც წინა სესიასთან შედარებით $1.37-ით, ანუ 1.64%-ით მეტია. წინა დღის დახურვის ფასი $83.55 იყო.
ამასთან, WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები ბარელზე $79.43-მდე გაიზარდა. მისი ფასი წინა სესიასთან შედარებით $1.25-ით, ანუ 1.60%-ით არის მომატებული.
ფასებზე გავლენას ახდენს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების მნიშვნელოვანი შემცირებაც. არსებული მონაცემებით, სრუტეში ამჟამად დღეში 15-ზე ნაკლები გემი გადის, მაშინ როდესაც კონფლიქტამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130 გემს შეადგენდა.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მარშრუტია და კონფლიქტამდე მასზე გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% მოდიოდა.
ბაზრის მონაწილეების შეფასებით, ირანს, ომანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური შეთანხმების სწრაფად მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით არსებული სკეპტიციზმი ნავთობის ფასებში რისკის პრემიას ინარჩუნებს. სატრანზიტო შეზღუდვების ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში კი ბაზარზე მიწოდების რისკები კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.



























