მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 80 დოლარს ჩამოსცდა. წინა კვირასთან შედარებით 9%-ით შემცირდა ნედლი ნავთობის ფასი და ბარელზე 75 დოლარი შეადგინა. 8%-იანი კლებაა Brent-ის ტიპის ნავთობზე და 79 დოლარი ღირს. რუსული Urals-ის ფასი წინა კვირასთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი და 76 დოლარს შეადგენს.
ნავთობის ფასზე გავლენას კვლავ ირან-აშშ-ის ურთიერთობები ახდენს. მიმდინარე კვირაში ფასის კლება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო დარტყმები შეაჩერა და მოლაპარაკებებზე გააკეთა აქცენტი. ამ გადაწყვეტილებამ კი ინვესტორებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისა და შესაბამისად მიწოდებაში შეფერხების მოლოდინი შეუმცირა.
ირანში ომის დაწყებამ ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რადგან კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაიკეტა. ეს სრუტე არის საკვანძო მარშრუტი, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) დაახლოებით 20% გადის.
მას შემდეგ, რაც ირანმა და აშშ-მა ივნისში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხედრო ოპერაციების შეჩერებისა და სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ, ნავთობის ფასი ომამდელ დონეს, ბარელზე დაახლოებით 70 დოლარს დაუბრუნდა. თუმცა ივლისის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევამ ფასი კვლავ გაიზარდა.



























