ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობების ხელახლა დაძაბვისა და სამხედრო მოქმედებების განახლებების ფონზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის, ბუნებრივი აირისა თუ ძვირფასი მეტალების ფასები მკვეთრად შეიცვალა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ბრენტის(BRENT) ფასი ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მკაფიოდ, $7 დოლარით გაიზარდა და $83 დოლარს მიაღწია, რაც 17 ივნისს, დაპირისპირებულ ორ ქვეყანას შორის მემორანდუმის დადების შემდეგ ყველაზე უარესი მაჩვენებელია. საყურადღებოა, რომ ამჟამად ბარელი ბრენტი ზუსტად იმდენად ივაჭრება, რამდენადაც 1 თვის წინ.
მკვეთრი მატება ფიქსირდება ამერიკული წიაღისეული საწვავის, იგივე ნედლი ნავთობის ანუ WTI-ს შემთხვევაშიც, რომელიც $77 დოლარამდე გაიზარდა, რაც ბოლო 24 საათში თითქმის 9%-იან ზრდას ნიშნავს, კვირის ჭრილში კი 13.25%-იან მატებაზე მიუთითებს.
საყურადღებოა, რომ გლობალური ტენდენციის ფონზე იკლებს რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი, რომელიც ბოლო 1 დღეში $1.41 დოლარითაა შემცირებული და $53.71 დოლარად ივაჭრება. ეს კი 1 თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით 31.48%-იან კლებაზე მიუთითებს.
ჰორმუზის სრუტის გარშემო დაძაბულობის ზრდა პირდაპირ აისახა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასზეც. 1 დღეში ფასი 8%-ით, $52.69-მდე გაიზარდა, დიდ ბრიტანეთში კი ფასმა თითქმის 6%-ით მოიმატა და 124 გირვანქა სტერლინგს მიაღწია.
ტრადიციულად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების მატებას მკვეთრი კორექცია მოჰყვა ძვირფასი მეტალების ბირჟაზე. ერთი უნცია ოქროს ფასი $4,002 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც დღიურ ჭრილში საშუალოდ $119 დოლარით შემცირებას ნიშნავს, ვერცხლის შემთხვევაში კი კლება 3.66%-ია და ამჟამად მეტალი $57.6 დოლარად ივაჭრება.




























